მთავარისაქართველოლეილას საახალწლო მელოდია

ლეილას საახალწლო მელოდია

საახალწლო სუფრისთვის ლეილა ალიევა ამზადებს აზერბაიჯანულ კერძს ქუთაბს, რომელიც ხორცისა და ბროწეულისგან შედგება. ამბობს, რომ  ტრადიციულად მის სუფრაზე ყოველთვის არის ქართული და აზერბაიჯანული კერძები. საახალწლოდ ლეილას ოჯახს მეგობრები აიდა თაგიევა და თინათინ ნარგილე მეჰთიევა ესტუმრნენ. ლეილა ალიევას თქმით, აზერბაიჯანელებისთვის მთავარი დღესასწაული ნოვრუზ ბაირამია, თუმცა ისინი ახალ წელსაც ისევე აღნიშნავენ როგორც თითოეული ოჯახი საქართველოში.

“31 დეკემბერი არის მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღე, ანუ ვინც კი ცხოვრობს აზერბაიჯანელი მსოფლიოში ყველას დღედ ითვლება და სხვადასხვა ზეიმიც ტარდება. ჩემთან მოდიან სტუმრად ჩემი აზერბაიჯანელი ძმები, მეგობრები და ყველანი ერთად ოჯახებით ვხვდებით ახალ წელს”, – ამბობს ლეილა ალიევა. 

ლეილა ალიევა მეგობრებს  ტრადიციულად აზერბაიჯანული ჩაით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ისინი სუფრას მიუსხდნენ. ლეილას მეგობარმა თინათინ ნარგილე მეჰთიევამ კი დაუკრა უძველეს აზერბაიჯანულ ხალხურ საკრავზე,  რომელსაც საზი ჰქვია.

 “მუსიკას ვუკრავ მხიარულ გარემოში, მოგეხსენებათ ჩვენი ნოვრუზ ბაირამობა, ძირითადად, ამ დღესასწაულზე აუცილებელია საზი, აუცილებელია აშუღური ჰანგები და ამ მუსიკის თანხლებით ცეკვა და გართობა. ნოვრუზ ბაირამთან ერთად ჩვენ ახალ წელსაც ვზეიმობთ, მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად, გვაქვს სუფრა და სიმხიარულე. როგორც ქართველი ხალხი ზეიმობს ახალ წელს, იმავენაირად აღვნიშნავთ ჩვენ აზერბაიჯანელები საქართველოში, მაგრამ განსხვავებულია ჩვენი სუფრა იმიტომ, რომ საქართველო ჩემი აზრით ერთადერთი მრავალეროვნული ქვეყანაა და სუფრას ჩვენი კულინარია და საქართველოს კულინარია ალამაზებს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზეც და ახალ წელსაც”, – ამბობს თინათინ ნარგილე მეჰთიევა, ლეილას მეგობარი.

ლეილა ალიევა ამბობს, რომ მასაც და მის შვილებსაც ახალი წელი განსაკუთრებით უყვართ და გვიამბობს მათ ერთ-ერთ უძველეს ტრადიციაზე.

“ჩემს ოჯახში ორ იანვარს ბედობის დღეს არის ტრადიცია, ბედობის აღნიშვნა, ჩვენთან 50-ამდე სტუმარი მოდის, იშლება ძალიან დიდი სუფრა და ბედობას აღნიშნავენ ჩვენს სახლში და ეს არის ტრადიცია უკვე მამაპაპური”.

ლეილა ალიევას კიდევ ერთი ტრადიცია აქვს, როცა საახალწლო სუფრას მიუსხდებიან,  ის ყოველთვის რთავს ხოლმე ფირსაკრავს და მთელ სახლში ძველებური, ქართული და აზერბაიჯანული მელოდიები ისმის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend