მთავარისაქართველოუენო სალამური

უენო სალამური

ბექა ბიძინაშვილი ახლა თავის მასწავლებელთან მიდის, რომელმაც მას უძველეს ინსტრუმენტზე, უენო სალამურზე დაკვრა ასწავლა. ეს სოფელი შილდაა, სწორედ ამ სახლში ცხოვრობს ბექას მასწავლებელი 85 წლის ზაურ თეთრაშვილი.  მას დღეს ბექაც და შილდელებიც „ზაურა პაპას“ უწოდებენ… კაცს, რომელმაც მწყემსობაში ისწავლა უენო სალამურზე დაკვრა და ახლა სხვებს ასწავლის.  მისი პირველი მასწავლებელი მოხუცი მწყემსი პეტრე იყო, მან ასწავლა ქართული ხალხური სიმღერებიც, განსაკუთრებით, კი თურმე, თუშური მელოდიები შეაყვარა.

ზაურ თეთრაშვილი: “რომ წამოვიდოდი ხოლმე სახლიდან მთაში, მიმქონდა, ტყავის გუდა მქონდა შეკერილი, ზურნა მქონდა ჩადებული, სალამური მქონდა ხის, მთელი ოცნება ამაზე მქონდა, ღამე იყო თუ დღე იყო, სალამური სულ ქამარში მქონდა გადებული, რამდენიმე მქონდა განა ერთი, აი ეს მიხაროდა, მე რომ ვუკრავდი, ძალიან ბევრი დამკვრელი იყო, ვერ დაითვლიდი, ვინც ამ სალამურზე უკრავდა ჩემს ბავშვობაში, თან სალამურზე ვუკრავდით და თან კიდევ, დოლი იყო თუ რაღაც დამფა, ეს ხალხი ერთობოდა, სხვა მუსიკა არ იყო მაშინ, არანაირი მუსიკა არ არსებობდა, ეს იყო მაშინ, იმ დროს ოდითგანვე და დუდგულა, ამისთვის გააჩინა ღმერთმა, რომ ეს გაგვეკეთებინა, გინდა მუსიკა და გინდა სალამური დაარქვი, უკრავდა ამაზე ხალხი. მოვისმინე ბავშვობაში, სადღაც, რომ როცა გაჩნდა ქართველი ერი, გაჩნდაო ვაზიო, ქვევრი მოყვა, ჭურჭელი მოყვა და ეს მოყვა კიდე, უენო სალამურიო”, – ამბობს ზაურ თეთრაშვილი. 

უენო სალამურებს ზაურ თეთრაშვილი თავად ამზადებს. ასეთი სალამური დღეს ყველასათვის ცნობილი ენიანი სალამურისაგან იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ ნახვრეტები აქვს. ენის გაკეთება, თურმე სალამურზე, მოგვიანებით დაიწყეს.

ზაურა პაპა სალამურის გასაკეთებლად მცენარე დიდგულას იყენებს. დიდგულა მთაში ხარობს და მისგან მსუბუქი და ჟღერადი სალამურები მზადდება.

“იმ კაცმა რომ გამიმზადა ეს, ის ღორმა დამიჭამა, მერე დავიწყე მე ამის კეთება, ვუყურებდი იმას, ჩავიდოდი ჩუმად, დავყვებოდი ხევებში და დუდგულებს ვჭრიდი, ყველა დუდგულა არ არის გამოსადეგი, უნდა მოძებნო, რომელიც აი ასეთია, უნდა გადაზომო ეს ზომა, ერთი ციდა ეს და ერთი ციდა ესა, სამი თითის დადება უნდა იყოს ამის ბოლო, ჩემი სალამური უქცევს ყველანაირად, სულ ყველანაირად, არცერთი არ არის შეცდომით, იმიტომ, რომ ამას თავის ზომა აქვს, აბა დაუკარი აქედან, ვერ დაუკრავ, რადგან ეს არის მისი ზომა“.

ბექა ბიძინაშვილს კი  7 წლის წინ აუსრულდა ბავშვობის ოცნება – სალამურზე დაკვრა ისწავლა.  ამბობს, რომ ეძებდა უენო სალამურის მცოდნეს, ძველ მწყემსს და ერთ დღესაც იპოვა.

„ძალიან გამიხარდა, როცა გავიცანი ბ-ნი ზაური და იმ დღიდან დავემოწაფე, რადგან ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ მესწავლა სალამური, ძალიან მიყვარდა თავიდანვე და რომ გითხრათ სიმართლე, ცოტა გამიჭირდა, რადგან დაახლოებით 1 წელი დამჭირდა, რომ ხმა ამომეღებინა ამ ინსტრუმენტისთვის, საკმაოდ რთული ტექნიკა აქვს, ტუჩის ტექნიკაც საკმაოდ რთულია და ზაური პაპას შესრულების ტექნიკა არის საოცრად იმპროვიზაციული და ცოტა გამიჭირდა თავიდან, მაგრამ ნელ-ნელა ავითვისე, პერიოდულად მოვიდოდი, როცა დრო მქონდა და ვსწავლობდი და ყოველ ჩამოსვლაზე, რაღაც სიახლეს მახვედრებდა”, – ამბობს ბექა ბიძინაშვილი, ეთნომუსიკოლოგი. 

ზაურა პაპა ხშირად ფიქრობს და ღელავს იმაზე, რომ მის შემდეგ სალამურის წინაპარი –  უენო სალამური  დავიწყებას მიეცემა.

“ჩვენს პატარა ბალღებს შევეხვეწე, მოდით და ამას ნუ დაკარგავთ, ამას მიჰყევით ჩვენს უენოს-მეთქი, ნუ დაკარგავთ ეს ოდითგანვე წინაპრებისგან შემონახულია, ამას მხოლოდ მეღა ვაკანკალებ, მე რომ გადავვარდები, ალბათ, ბიჭები გააგრძელებენ, თუ არადა ჩაქრა“.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend