მთავარისაქართველოგზა სტატუსამდე

გზა სტატუსამდე

2023 წლის მიმოხილვა

2023 წელი საქართველომ ევროკავშირის მიერ აღიარებული ევროპული პერსპექტივით დაიწყო.

წლის ბოლოს წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულება იყო საჭირო.

12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე პროგრესს ახლოს აკვირდებოდა მოსახლეობაც და სამოქალაქო სექტორი. ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას წინ ბევრი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, წლის ბოლოს ევროკომისიისგან დადებითი შეფასება მიეღო.

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დასრულებული იყო მუშაობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ” კანონპროექტზე და მას პარტია “ხალხის ძალის” დეპუტატები წარადგენდნენ.

დამტკიცების შემთხვევაში ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი საქართველოს გარედან მომდინარეობდა, უცხოურ აგენტად დასახელდებოდა. ხოლო თუ შესაბამისი ორგანიზაციები აგენტებად არ დარეგისტრირდებოდნენ, მათ ჯარიმის სახით 25 ათასი ლარის გადახდა მოუწევდათ. დეპუტატებმა სადავო კანონპროექტის მიზნად გამჭვირვალობა დაასახელეს.

კანონპროექტმა მოსახლეობაშიც და ევროპელ ლიდერებშიც მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გამოთქვა იმედი, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ ინიციატივა კანონად არ იქცეოდა. მან აღნიშნა, რომ პროექტი ევროკავშირის თორმეტ პრიორიტეტთაგან სულ მცირე ორთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. ევროპელი ლიდერები ამბობდნენ, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების წინააღმდეგ იყო მიმართული და ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებდნენ, კონსტრუქციული გზით განეახლებინათ პროევროპული რეფორმები.

2 მარტს კანონპროექტების განხილვა საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტმა დაიწყო. განხილვის გასაშუქებლად მედია არ დაუშვეს. მომდევნო საკომიტეტო განხილვა 6 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართა. პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს.

განხილვის პარალელურად პარლამენტის გარეთ და შიგნით ისმოდა შეძახილები – არა რუსულ კანონს.

7 მარტს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი სადავო კანონპროექტს დაუყოვნებლივ, პირველ მოსმენაზე გაიტანდა. პროტესტი გამძაფრდა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი, დააკავეს 66 პირი. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მომდევნო დღეს უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი სამუდამოდ დაიხურებოდა.

მასობრივი პროტესტების შემდეგ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კანონპროექტს იწვევს. პირველ მოსმენაზე ერთხმად მიღებული კანონპროექტი, 10 მარტს, მეორე მოსმენით ჩავარდა.

ამ გამარჯვებამ საქართველო ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში დააბრუნა. მარტის პროტესტებისა და სადავო კანონპროექტის გაწვევის შემდეგ საზოგადოებამ იგრძნო, რომ მას კვლავ შეეძლო ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის იმედი ჰქონოდა.

14 მარტს ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

თბილისში გამართული პროტესტები ევროპარლამენტარებისთვის კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრება სურს.

12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათ მიაჩნდათ, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის შესახებ რეკომენდაციების. მმართველ გუნდში კი ამბობდნენ, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები კი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებდნენ, გვერდით გადაედოთ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთად ემუშავათ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის.

მაისში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში გაემგზავრა და 13-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა.

22 ივნისს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკომისიის შუალედური შეფასება წარადგინა, რომლის თანახმადაც საქართველოს 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 ჰქონდა შესრულებული, 7 მიმართულებით კი გარკვეული პროგრესი იყო აღნიშნული. შუალედურ შეფასებაში ევროკომისიამ მეტი მუშაობის და დამატებითი რეფორმების გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

7 სექტემბერს საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლებსა და მედიას შეხვდა. როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში განაცხადეს, ბორელის ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შეფასება და საგარეო და რეგიონული პოლიტიკის განხილვა იყო.

8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა პირობას შეასრულებს.

9 დათქმის ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, თუმცა იყო სიახლეებიც. კერძოდ, დაემატა დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე. ამასთან ერთად, ევროკომისიამ გაამახვილა ყურადღება საქართველოს მხრიდან თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებლის გაზრდის საჭიროებაზე.

კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, 9 დეკემბერს, თბილისში ევროპის მოედანზე ევროკავშირის მსოფლიოში ყველაზე დიდი დროშა გაშალეს.

მასზე დატანილი 12 ვარსკვლავი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში შეიკერა.

15 დეკემბერს კი საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება იზეიმა. გადაწყვეტილება 27-მა ევროპელმა ლიდერმა ევროპული საბჭოს წლის შემაჯამებელ სამიტზე მიიღო.

გზა სტატუსამდე სირთულეებით იყო სავსე. არც სტატუსის შემდეგ სრულფასოვან წევრობამდე გასავლელი გზაა მარტივი.

წინ 9 დათქმა და საპარლამენტო არჩევნებია.

ექსპერტების თანახმად, 2024 წელს საქართველოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზა სწორედ თავისუფალ გარემოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებზე გადის.

შედეგები კი არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე იქონიებს გავლენას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend