სოფელი კირბალი საოკუპაციო ხაზის პირას არის. კირბალს რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა დაჰყურებს, გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან. ახალი წელი ახლოვდება, მაგრამ სოფელში სიხარული არ იგრძნობა, ეს ყველაფერში ჩანს, თითქოს განაცრისფერებულია გარემო. უკვე მე-15 წელია, რაც კირბალის მოსახლეობა რუსი ოკუპანტების შიშის ქვეშ ხვდება ახალ წელს.
62 წლის გოგია პაპიტაშვილის მეუღლე ირმა ეთნიკურად ოსია. 4 ქალიშვილი ჰყავთ და 14 შვილიშვილი. უკიდურესი სიღარიბის გამო ამ ახალ წელსაც მარტო შევხვდებითო, ამბობენ.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებში მრავლადაა შერეული ოჯახები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამ ოჯახებმა კავშირი დაკარგეს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ნათესავებთან. ასევეა გოგის მეუღლე ირმაც, რომელსაც წლებია საკუთარი ოჯახის წევრები არ უნახავს. ირმა გულისტკივილით იხსენებს ომსა და რუსულ ოკუპაციას, რომელმაც ორი ნათესავი ერი – ოსები და ქართველები ძალიან დააშორა ერთმანეთს…
გოგიას და ირმას ერთი ძროხისა და რამდენიმე ქათმის გარდა თითქმის არაფერი აბადიათ. მაშინ როდესაც ირმა სახლში საქმიანობს, გოგია ნახირს მწყემსავს და ცდილობს საოკუპაციო ხაზს არ მიუახლოვდეს, რადგან როგორც თავად ამბობს, რუსებმა არაერთხელ დააკავეს სოფელ კირბალის მცხოვრებლები სწორედ იმ დროს, როდესაც მინდორში გაქცეული საქონლის მობრუნებას ცდილობდნენ. საოკუპაციო ხაზი აქ პირობითია, რადგან არც მავთულხლართებია და არც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები. ახლა საძოვრები თითქმის აღარ დარჩა კირბალის მოსახლეობას და ამას გარდა, ტყის დიდი ნაწილიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
სოფელი კირბალი ახალ წელს დიდი ტრაგედიით ხვდება. რამდენიმე კვირის წინ ოკუპანტებმა სალოცავში ასული კირბალელი თამაზ გინტური მოკლეს. ამიტომ წელს განსაკუთრებული დარდით ხვდება კირბალი ახალ წელს. რას ისურვებენ ახალ წელს? გოგიასაც და ირმასაც ერთადერთი სურვილი აქვთ – მშვიდობა.