მთავარისაქართველო2023 - მთავარი ტენდენციები საქართველოს ეკონომიკაში

2023 – მთავარი ტენდენციები საქართველოს ეკონომიკაში

2023 წელი დასრულდა და ანალიტიკური ორგანიზაციები აჯამებენ, თუ რა ტენდენციები იყო გასულ წელს საქართველოს ეკონომიკაში. მაგალითად, საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტისა“ და „ფორბსის“ ერთობლივ პუბლიკაციაში მოსალოდნელზე კარგ შედეგებზეა საუბარი. ეს სტატია საქსტატის მონაცემებსა და თავად „გალტ ენდ აგარტის“ კვლევებს ეყრდნობა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა კვლავ სწრაფად იზრდებოდა, ინფლაცია და უმუშევრობა კი მცირდებოდა და ლარის კურსმაც შეინარჩუნა სტაბილურობა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2022 წელს მთავარ გამოწვევად დასახელებული ე.წ. „მიგრანტების ეფექტი“ თანდათან იწურება და მთავარი ამბავიც სწორედ ეს არის. რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოსგან განსხვავებით, წელს საქართველოში წლიური ინფლაცია თითქმის ნულის ტოლია. რაც ექსპერტების თქმით, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ცხოვრება იაფია, თუმცა მიუთითებს იმაზე, რომ წელს ცხოვრება საქართველოში მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა საქართველოში წლის პირველ ნახევარში უფრო მაღალი იყო, ვიდრე წლის ბოლოს.

PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი ამბობს: „ერთ-ერთი მიზეზი ამ შენელებული ეკონომიკური აქტივობის წლის მეორე ნახევარში არის მიგრანტების ნაკადი. დაახლოებით 60 ათასამდე მხოლოდ რუსეთის მოქალაქე იყო საქართველოში წლის დასაწყისში და წლის მეორე ნახევარში სავარაუდოდ, დაახლოებით ერთმა მესამედმა დატოვა საქართველო. ასევე მნიშვნელოვანი კლებაა რუსეთიდან ფულადი გზავნილების ნაწილშიც, რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთიდან ემიგრაციის ეფექტი საკმაოდ მაღალი იყო ეკონომიკურ ზრდაში. ეს შენელებულია, შეჩერებულია და პირიქით კლების ტენდენცია აქვს… მნიშვნელოვანია ასევე, რომ ინფლაცია თითქმის ნულს გაუტოლდა, ანუ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ნულოვანი ინფლაცია გვაქვს, რაც თავის მხრივ არის პოზიტიური მოვლენა“.

ე.წ. „მიგრანტების ეფექტი“ რომ იწურება, ეს უძრავი ქონების ბაზარსაც დაეტყო. საინვესტიციო კომპანია „თიბისი კაპიტალის“ დაკვირვებით, 2023 წელი უძრავი ქონების ბაზრის დასტაბილურების წელი იყო. გასაყიდი უძრავი ქონება არ გაიაფებულა, თუმცა ბინის დაქირავების ფასი თბილისსა და ბათუმში წელს შემცირდა კიდეც… საინვესტიციო კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მიგრანტების ეფექტის ამოწურვის მიუხედავად, უძრავი ქონება კვლავაც რჩება მნიშვნელოვან საინვესტიციო ალტერნატივად, რადგან ამონაგები კვლავ მაღალია.

თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსი ირინა კვახაძე ამბობს: „ფასების ზრდა განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ლარის გამყარება. მომდევნო წლებში ჩვენი მოლოდინი არის დაახლოებით ამავე ნიშნულზე შენარჩუნება გაცვლითი კურსის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასზე კურსი მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. მშენებლობის ღირებულება იყო ასევე დიდი კონტრიბუტორი ფასების ზრდის ნაწილში. აქაც რაიმე განსაკუთრებული მოლოდინები სამშენებლო ხარჯების ზრდის არ გვაქვს. პირიქით, აქაც დასტაბილურებას ვხედავთ…. კლებასაც კი…“

2023 წელს საქართველოში პროგრამა შეაჩერა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში თქვა, რომ ეს დროებითია, თუმცა ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდის ეს ნაბიჯი გამოიწვია წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო მომხდარმა ამბებმა. მაგალითად, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებმა, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული პოლიტიკის შეცვლამ და ცვლილებებმა ეროვნული ბანკის საბჭოში.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს: „ამ პროგრამის შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური დარტყმა. სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით საერთაშორისო ინვესტორებში, სხვა საერთაშორისო ფონდებსა და ბანკებში – ისინი ხშირად ითვალისწინებენ სავალუტო ფონდის დასკვნებს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს დასკვნები ახლა არის უარყოფითი… ქვეყნის საინვესტიციო გარემო უარესდება…. მესამე კვარტალში ძალიან მნიშვნელოვნად – 60%-ზე მეტით შემცირდა წლიდან წლამდე ინვესტიციების მოცულობა. ახალი ფული ქვეყანაში ფაქტობრივად არ შემოდის“.

მიუხედავად ამ მთელი რიგი მოვლენებისა, სპეციალისტებს მაინც მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა წელს თანმიმდევრული იყო, რაც ინფლაციის მაჩვენებლის დასტაბილურებასაც უწყობდა ხელს. წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-ამდე შეამცირა. PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი ევრონიუს ჯორჯიასთან აცხადებს, რომ სავარაუდოდ, 2024 წლიდან კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკზე წნეხს გაზრდიან, რათა მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო შემსუბუქდეს.

“მე ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკზე წნეხი გაიზრდება და ეს წნეხი ახლაც საკმაოდ მაღალია. მე ვფიქრობ, რომ საბანკო სექტორი პირდაპირ და ირიბად ემუშავება ეროვნულ ბანკს, რომ განაკვეთი შემცირდეს, რადგან შემცირებული განაკვეთები იწვევს დაკრედიტების პოლიტიკის გააქტიურებას, რაც სასურველია ეკონომიკისთვისაც და კომერციული ბანკებისთვისაც, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეროვნული ბაკი ინფლაციურ რისკებს კვლავ ხედავს და შესაბამისად, ისევ ინარჩუნებს შედარებით მკაცრ პოლიტიკას“, – აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

2024 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-ია. კვლევითი ინსტიტუტი „გრომონ ვაისი“ წერს, რომ საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ეს დაბალი მაჩვენებელია და ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ 2021-2022 წლის ეკონომიკური ზრდა არა ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ ხელისუფლების გარეშე ფაქტორების დამსახურება იყო. საქსტატის 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით საშინაო ვალი 900 მლნ ლარით, ხოლო საგარეო ვალი მილიარდი დოლარითაა გაზრდილი. 2023 წლის პირველი სამი კვარტალი საკმაოდ წარუმატებელი წელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ამ პერიოდში საქართველოში უცხოური ინვესტიციები 61.5%-ით შემცირდა.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend