მთავარისაქართველოსაქართველოში მცხოვრები უკრაინელების საშობაო ამბავი

საქართველოში მცხოვრები უკრაინელების საშობაო ამბავი

ქრისტინა თავის 7 წლის შვილთან ერთად საქართველოში 2022 წლის თებერვლის შემდეგ ცხოვრობს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. საქართველოსა და ქართველ ხალხთან შეგუება არ გასჭირვებიათ. ახლა საშობაოდ ემზადებიან. შობის ვარსკვლავი და ობობა კი მათი ტრადიციის ნაწილია.

„საშობაო ობობა თივისგან მზადდება. ვიზუალით მისი სხვადასხვანაირი ვერსია არსებობს. საშობაოდ ის სახლში ფანჯარასთან უნდა იყოს ჩამოკიდებული. ეს არის ძალიან ბევრი წლის ტრადიცია. მიიჩნევა, რომ ის სახლიდან ბოროტებასა და ნეგატიურ ენერგიას განდევნის და სიმშვიდე მოაქვს. რაც შეეხება შობის ვარსკვლავს, ის იესო ქრისტეს დაბადების სიმბოლოა. ტრადიციის მიხედვით, იმისთვის, რომ ოჯახს ბედნიერი წელი ჰქონდეს, მათი პირველი სტუმარი შობას და ძველით ახალ წელს ბიჭი უნდა იყოს. შობის ღამეს, როგორც წესი, ეკლესიაში ვხვდებით ხოლმე. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, შობის ღამეს, როდესაც ვიძინებდით, მაგიდაზე კუტიას ვტოვებდით. მიიჩნეოდა, რომ გარდაცვლილი ახლობლების სულები ამ დღეს ჩვენთან მოდიოდნენ და ჩვენთან ერთად ვახშმობდნენ“, – ამბობს ქრისტინა.

საშობაო სუფრაზე უკრაინულ კერძებთან ერთად ქართული ტრადიციული საჭმელებიც აქვთ. როგორც ქრისტინა ჰყვება, სუფრაზე 12 ტრადიციული კერძი უნდა ჰქონდეთ, საიდანაც მთავარი კერძია კუტია. ის ხორბლისგან მზადდება. ასევე იღბლიან კვერებსაც ამზადებენ. ასე სჯერათ, ვისაც შეხვდება, ბედნიერი წელი ექნებაო.

„კერძების კეთება ბებიისგან ვისწავლე, 12 ტრადიციული კერძი შობის ღამეს ყოველთვის გვქონდა. სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს თევზი, თუმცა ხორცი არა. მთავარი კერძია კუტია. ვაკეთებთ იღბლიან კვერებსაც. მისი შიგთავსი კი ხშირად მარილია. ჩვენი ტრადიციის მიხედვით, ვისაც ეს იღბლიანი კვერი შეხვდება, მთელი წელი ბედნიერი იქნება. ქართული კერძები ძალიან მოგვწონს, განსაკუთრებით გვიყვარს ფხალი, ამიტომ ჩვენს კერძებს საშობაოდ წელს ფხალიც მიემატება“, – ჰყვება ქრისტინა.

„შობა ძალიან მიყვარს, დედას ვეხმარები ხოლმე. ნაძვის ხეს ერთად ვრთავთ, კერძების მომზადებაში ვეხმარები. გარეთ რომ ვსეირნობდით, ჩიჩილაკი დავინახე, ძალიან მომეწონა და ვიყიდეთ“, – ამბობს მიროსლავა.

სჯერათ, რომ შობის ღამეს ოცნებები ხდება… მათი განსაკუთრებული სურვილი კი ერთია – უკრაინის გამარჯვება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend