მთავარიმსოფლიოევროპაშობის ღამეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს

შობის ღამეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს

ევროპის მასშტაბით შობის დღესასწაული ათასობით ადამიანმა აღნიშნა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა კათედრალებსა და ეკლესიებში იყო. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებიც გაძლიერებული იყო.

გერმანიაში კელნის საკათედრო ტაძართან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. შობის დღესასწაულის წინა დღეს მათ საკათედრო ტაძრის ტერიტორია კინოლოგებთან ერთად დაათვალიერეს, რადგან მათ მოსალოდნელ ტერორისტულ შეტევაზე ჰქონდათ ინფორმაცია. მომლოცველებმა ტაძარში შესვლის წინ სპეციალური შემოწმება გაიარეს.

ტაძარში შესასვლელთან მამაკაცს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებენ, გერმანია კელნი 24 დეკემბერი – AP

„მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაგვაფრთხილეს. მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს სიტუაციას. ამ მომენტში დეტალურ ინფორმაციას ვერ ვაწვდით. შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილებები ყოველთვის შემოდის. შესაბამის ორგანოებთან ერთად ვაფასებთ ინფორმაციას და შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. ამ ტაძარში შობის დღესასწაულზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები გავაძლიერეთ. აქ გაფრთხილების მიღების შემდეგ, გადავწყვიტეთ, ხალხის დასაცავად ყველაფერი გაგვეკეთებინა“, – განაცხადა კელნის პოლიციის სპიკერმა. 

პოლიციის ინფორმაციით, ისლამისტური დაჯგუფებების მხრიდან პირდაპირი მუქარა არ ყოფილა, თუმცა გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში სამართალდამცველებმა საეჭვო ნიშნები შეამჩნიეს და შესაბამისადაც იმოქმედეს.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა, დეკემბრის დასაწყისში ევროპული ქვეყნები გააფრთხილა, რომ ისრაელსა და სამხედრო დაჯგუფება „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის გამო შესაძლოა, ევროპა საშობაო არდადეგებზე ტერორისტული თავდასხმების სამიზნე გამხდარიყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend