მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ანტისემიტური და ისლამოფობიური განწყობები იზრდება

ევროპაში ანტისემიტური და ისლამოფობიური განწყობები იზრდება

პარიზში, ბრიუსელში, მთელი ევროპის მასშტაბით ისლამოფობიური და ანტისემიტური ინციდენტების რიცხვი მატულობს. დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრის განცხადებით, ისრაელ-“ჰამასის” ომის დაწყებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. მათ შორის იგულისხმება სასაფლაოების შებღალვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა.

ამიჩაი ჩიკლი, ისრაელის მინისტრი დიასპორის საკითხებში:”პირველ რიგში სოციალურ მედიას ვადევნებთ თვალ-ყურს, განსაკუთრებით “მეტას”, თუმცა არამხოლოდ. სოციალურ მედიაში ანტისემიტურ განცხადებებზე დაკვირვებით ვცდილობთ შევადგინოთ ყველაზე სახიფათო ადგილების რუკა”.

“ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ევროპაში რამდენიმე ქვეყანამ პალესტინის მხარდამჭერი აქციების ჩატარებისთვის ნებართვა გასცა. თუმცა გერმანიაში მსგავსი დემონსტრაციები აკრძალულია. ხელისუფლების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ მსგავსმა პროტესტებმა ანტისემიტური შეძახილები წაახალისოს.

მაჯედ აბუსალამა, Palestine Speaks-ის თანადამფუძნებელი: “ჩვენ ევროპაში ვცხოვრობთ, ბერლინში. თუმცა გერმანული პოლიცია მუდმივად თვალს გვადევნებს, ჩხრეკენ ჩვენს სახლებს, გვიწყობენ დაკითხვებს, რასობრივი მოტივით გვავიწროებენ”.

ბერლინის პოლიციის განცხადებით, მსგავს ზომებს არა ადამიანების გარეგნობის, არამედ მათი ქცევიდან გამომდინარე იღებენ და მათთვის კანის ფერი, წარმომავლობა, რელიგია, ეროვნება თუ ეთნიკური კუთვნილება კრიმინალური გამოძიების საბაბს არ წარმოადგენს.


ფრანგი მუსლიმების საბჭოს ცნობით, ნოემბერში მათ ათობით შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. დაზიანდა 14 მეჩეთი.

მარიონ ლალისი, ევროკავშირის კომისიის კოორდინატორი ანტიმუსლიმური სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში: “მონაცემები არასრულია. ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ეს ფენომენი კარგად არ ესმით. გარდა ამისა, მუსლიმები ან ადამიანები, რომელსაც ხშირად მუსლიმებად აღიქვამენ ხოლმე, როგორც წესი, ხელისუფლებას ნაკლებად ენდობიან და შესაბამისად, ინციდენტების შესახებ ნაკლებად ატყობინებენ პოლიციას”.

7 ოქტომბრის შემდეგ, ებრაელი სტუდენტები საფრანგეთსა და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებში არსებულ გარემოს მტრულად აფასებენ. ევროკავშირის მოსაზრებაა, რომ ამაში მნიშვნელოვან როლს სოციალური მედია თამაშობს.

კატარინა ფონ შნურბაინი, ანტისემიტიზმთან ბრძოლის კოორდინატორი: უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი ხანია სოციალურ მედიის პლატფორმებზე ძალიან დიდი სიძულვილია, რომელსაც არავინ არ უწევს წინააღმდეგობას. მომხმარებლები პატივს უნდა სცემდნენ ევროკავშირში სიძულვილის ენის შესახებ არსებულ წესებს”.

ევროკომისია პირობას დებს, რომ გამოყოფს 30 მილიონ ევროს მაღალი რისკის მქონე ადგილებში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, განსაკუთრებული ყურადღება კი სალოცავი ადგილების დაცვას დაეთმობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend