მთავარიგადაცემებიFocusროგორ უწყობენ ხელს ირმები და კატები იაპონიის ტოჰოკუს რეგიონში ტურიზმის განვითარებას?

როგორ უწყობენ ხელს ირმები და კატები იაპონიის ტოჰოკუს რეგიონში ტურიზმის განვითარებას?

2011 წლის მიწისძვრამ და ცუნამმა იაპონიის ტოჰოკუს რეგიონი მიწასთან გაასწორა, მაგრამ დღეს აქაურ განახლებულ ეროვნულ პარკში უამრავი კატა და ირემი დასეირნობს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ამ მხარის ტურისტული განვითარებისთვის.

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტოჰოკუს  რეგიონი ხშირად მოგზაურობის მოყვარულთა ყურადღების მიღმა რჩება, არადა,  ქვეყნის ეს შორეული ულამაზესი მხარე უამრავი უჩინარი საგანძურით არის სავსე. მათ შორის არის კუნძულები, რომლებზეც კატები და ირმები ბატონობენ.

ტოჰოკუს რეგიონი რამდენიმე პრეფექტურას მოიცავს. მის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაშლილია სანრიკუ ფუკოს განახლებული ეროვნული პარკი. ამ პარკში, რომელიც იმისთვის დაარსდა, რომ იაპონიაში 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ რეგიონის აღდგენისთვის შეეწყო ხელი, უცნაური კუნძულების მთელი ჯგუფია. ერთი მათგანია კუნძული ტასირო, რომელზეც ჩასვლისთანავე მიხვდები, თუ რატომ უწოდებენ კატების კუნძულს. აქ ფისოების რიცხვი კუნძულის მოსახლეობის რაოდენობას ოთხჯერ და მეტადაც კი აღემატება.

“წარსულში აქ ძალიან პოპულარული იყო მეაბრეშუმეობა და აბრეშუმის ჭიას ძალიან დიდ ზიანს აყენებდნენ თაგვები,“ – გვიხსნის ადგილობრივი მეთევზე  ჰამა იუტაკა. „ამიტომ მათ დასაცავად კატები მოვაშენეთ. აი, ასე დაიწყო ყველაფერი.“

გარდა იმისა, რომ ეს ადგილი კატებზე შეყვარებული ხალხითაა სავსე, აქვე ნახავთ კატის ფორმის დასასვენებელ სახლებს, რომლებშიც, როგორც ვხვდები, დიდი სიამოვნებით იძინებენ კატებიც. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის – აქ კატის სალოცავიც დგას, სადაც შეგიძლია მიხვიდე და კატის ღმერთზე ილოცო, რომელიც, როგორც ამბობენ კარგ იღბალს მოგცემთ. ადგილობრივი მეთევზეები კი კატის ქცევის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ როგორი ამინდი  იქნება და რამდენად ხელსაყრელი იქნება თევზაობა იმ დღეს.

“კატების გამო აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის და კუნძული სიცოცხლით სავსეა. კატები ძალიან საჭირო მეგობრები არიან და კუნძული ტასირო კატების გარეშე არ იქნებოდა ტასირო,“ – ამბობს ჰამა იუტაკა.

მეზობელი კუნძული კინკასანი კი ერთ-ერთ წმინდა ადგილად ითვლება იაპონიაში. აქ ასობით წმინდად შერაცხული ირემი დანავარდობს. მათ ღმერთის წმინდა მოციქულებად თვლიან. ირმების გარდა, ეს კუნძული მე-8 საუკუნის შინტოს ტაძრით არის ცნობილი.

ლეგენდის მიხედვით, თუ ამ ტაძარში სამი წელი ზედიზედ მოხვალ სალოცავად, მთელი დარჩენილ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებ.

კინკასანი საოცარი ბუნებისა და ღრმა სულიერი კულტურის წყალობით მართლაც ჯადოსნური კუნძულია. ახლა მათი შემხედველი ძალიან ძნელია, დაიჯერო, რომ კინკასანი და ტასირო 2011 წელს  მიწისძვრამ და ცუნამმა გაანადგურა. კუნძულებს ამ სტიქიური უბედურების ნაკვალევი თითქმის არ ემჩნევა, რაც ტოჰოკუს რეგიონისა და ზოგადად იაპონური სულის სიმტკიცისა და გამძლეობის დამსახურებაა.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend