მთავარიევროპაუკრაინაპრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენცია

პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. იგი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას, საერთაშორისო მხარდაჭერასა და შეიარაღებას შეეხება.
უკვე მეორე წელი იწურება, რაც კრემლმა უკრაინის დაპყრობა განიზრახა და, როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთის ეს მიზანი უკრაინელი ხალხის თავგანწირვის შედეგად კვლავ შეუსრულებელია.

“რუსეთმა გამარჯვებას ვერ მიაღწია. რას ნიშნავს სამი დღე? არადა, რუსეთი სამ დღეში აპირებდა კიევის დაპყრობას. ორი წელი ჩვენმა მებრძოლებმა კარგად იბრძოლეს. ხალხიც მედგრად დახვდა. კიდევ ერთხელ მინდა, მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო. რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ გვიღალატებს და ის შეთანხმება, რომელსა მივაღწიეთ, შესრულდება”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ 22-თვიანი ბრძოლის შემდეგ კიევის დასახმარებლად საკმარისი თანხა აღარ არის. ამ ფონზე კი უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფრონტზე შეიარაღების დეფიციტია, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად კიევი ყველაფერს აკეთებს.

“ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ საჰაერო სივრცეს. არ გვაქვს საკმარისი, შესაბამისი შეიარაღება… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ ვიპოვით, ან არ გვაქვს უკვე ნაპოვნი ამ პრობლემის გადაჭრის გზები. გვჭირდება მხარდაჭერა, რადგან მარაგი გვეწურება. ამ საკითხზე ვმუშაობთ. ომი, გამარჯვება, დამარცხება – ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რისკებზე… თუ გამძლეობას გამოვიჩენთ, ომს მალე დავასრულებთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც უკრაინის პირველი პირი შეეხო, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაა. როგორც პრეზიდენტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, უკრაინის არმიას ლოგისტიკის პრობლემები ჰქონდა, რადგან საწყობებში არსებული დაახლოებით 26 ათასი დრონი ფრონტის ხაზზე დიდი შეფერხებით მივიდა. მომავალი წლიდან კი უკრაინა დრონების წარმოებას გაზრდის და მილიონ უპილოტო საფრენ აპარატს დაამზადებს. გარდა შეიარაღებისა, როგორც ჩანს, უკრაინის არმია ხალხის დამატებით მობილიზაციასაც ითხოვს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, საუბარია დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის არმიაში გაწვევაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ნაწილობრივი გაწევრების შესახებ და რომ უსაფრთხოების გარანტიები არა მთელ ქვეყანაზე, არამედ მხოლოდ კიევის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე უნდა გავრცელდეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მისი ქვეყანა ამ ფორმით ნატოში არ მიუწვევიათ. ხოლო კითხვაზე, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ უკრაინა ომს წააგებს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის საფრთხე არ არის, თუმცა გამარჯვების საფასური საკმაოდ დიდია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend