მთავარისაქართველოვისი ხმაც არ ისმის

ვისი ხმაც არ ისმის

უკვე წლებია საქართველოში სიღარიბე ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება – ამას არაერთი საზოგადოებრივი კვლევა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” შეისწავლა საარსებო შემწეობის მიზნები და გამოწვევები. ავტორები ამბობენ, რომ ძალიან ბევრია შემწეობის მიმღები პირი, რაც სიდუხჭირითაა განპირობებული.

“აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოს მოსახლეობის 15%-ზე მეტი იმყოფება, საარსებო შემწეობის მიმღები კი 600 000-ზე მეტი პირია, მათ შორის 245 000-ზე მეტი ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას, რაც ბავშვების საერთო რაოდენობის 27%-ია. ამ სისტემას, ამ პროგრამას არ აქვს სიღარიბიდან ამოყვანის შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი პროცენტული მაჩვენებლები და რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, სისტემაში წლების განმავლობაში რჩებიან, მაგალითისთვის არსებობენ ოჯახები, დაახლოებით 11 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც 11 წელსა და 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაშიც იღებენ ამ შემწეობას”, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი.

სისტემის ყურადღების მიღმა ხშირად უსახლკაროებიც რჩებიან. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საცხოვრისის არარსებობისა და სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, უსახლკარო პირები არაერთი უფლებისა და თავისუფლების დარღვევის წინაშე დგებიან.

„რეალურად საარსებო შემწეობა არის სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ელემენტი, რომელიც გულისხმობს ყველაზე მოწყვლადების ყოველთვიურ ფულად დახმარებას, თუმცა ვხედავთ, რომ ჩვენმა კვლევამ აჩვენა, ეს სისტემა სრულად ვერ ხედავს მხარდაჭერის საჭიროების მქონე სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის სისტემიდან გამოყოფილია და გამორიყულია ქუჩაში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ საარსებო შემწეობა არის შედეგი შესაბამისი შინამეურნეობების ქულობრივი სისტემით შეფასებისა, მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო საჭიროების მქონე ოჯახები, საერთოდ დახმარების მიღმა რჩებიან”,- ამბობს მარიამ ჯანიაშვილი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი.

სიღარიბე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ხანდაზმულებზე და იწვევს მათ სოციალურ იზოლაციას. სწორედ სიღარიბის გამო, ხანდაზმულებს არ მიუწვდებათ ხელი ისეთ მნიშვნელოვან სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, არ აქვთ სათანადო საკვები და ხანდახან წყალთან წვდომაც.

“მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულთა დიდი ნაწილი არის დახმარების მიმღები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, მათთან მიმართებაში სხვა საჭიროებებიც იკვეთება, კერძოდ, როდესაც ადამიანს არ აქვს თვითმოვლის უნარი და არ ჰყავს მხარდამჭერი ან ოჯახის წევრი, ვინც დაეხმარება, მსგავსი სერვისები როგორც წესი მუნიციპალიტეტებში ნაკლებად არის გათვალისწინებული, მათი საჭიროებების მიხედვით პროექტები და პროგრამები ნაკლებად არის დაგეგმილი, იმიტომ, რომ არ ხდება მათი საჭიროებების კვლევა მუნიციპალურ დონეზე, რაც ასევე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა ამ კუთხით”, – ამბობს ლიკა წიკლაური, სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში  წლიდან წლამდე იზრდება იმ პირების რიცხვი, რომლებიც  საარსებო შემწეობას იღებენ, თუმცა სიღარიბე ქვეყანაში კვლავ ძალიან მაღალია. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ გადაიაზროს და შეცვალოს მიდგომები, გაატაროს რეფორმები, რათა ამ ადამიანებმა შეძლონ სიღარიბის დამარცხება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend