მთავარისაქართველოროგორია ევროკავშირის მოლოდინი საქართველოს მიმართ

როგორია ევროკავშირის მოლოდინი საქართველოს მიმართ

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.  შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს სამიტის შეფასებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების განხილვას დაეთმო. მომხსენებლებმა ისაუბრებს იმაზე, თუ როგორია ევროკავშირის მოლოდინები საქართველოს მიმართ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფართო კონტექსტის გათვალისწინებით; რა გავლენა შეიძლება იქონიოს კანდიდატის სტატუსმა ასოცირებული ტრიოს ფორმატზე და რა ნაბიჯებია საჭირო ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 9 დათქმის შესასრულებლად.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს. თუმცა სამომავლო პროგრესი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს თბილისი ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 9 დათქმის შესრულებას.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგებსა და სამომავლო ნაბიჯებზე “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ბრიუსელის პოზიციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დირკ შუბელმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სამოქმედო გეგმის ეფექტურად აღსრულებას. მეტი მუშაობაა საჭირო დეპოლარიზაციის, კორუფციის აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების კუთხით. ხოლო მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია, არამხოლოდ ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, არამედ ქვეყნის შიგნითაც. სიტყვით გამოსვლისას მან რიგ საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

შეხვედრის მნიშვნელობაზე “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორ კორნელი კაკაჩიას ვესაუბრეთ.

“პირველ რიგში ამ საუბრების დროს გამოიკვეთა, რომ რეალურად ქვეყანაში არ არის პლატფორმები, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, რათა პროფესიულ დონეზე ვიმსჯელოთ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის იმიტომ, რომ საბოლოოდ იქმნება ჩატეხილი ხიდი. ხელისუფლება ცალკე იღებს გადაწყვეტილებებს. თუნდაც, სამოქმედო გეგმის მაგალითი კმარა იმისთვის, რომ მათ ისე მიიღეს ეს გეგმა და ისე გაუგზავნეს ევროკავშირს, რომ ამაში ჩართული არ იყო არც სამოქალაქო საზოგადოება, არც ექსპერტული წრეები, არც პოლიტიკური ოპოზიცია. ბუნებრივია, რომ ეს ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი არის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და ინკლუზიურობა. ასეთ გარემოში ძალიან რთულია, რომ ჩვენ ეს რეკომენდაციები შევასრულოთ, მით უმეტეს, ასეთ შემოკლებულ პერიოდში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მომავალ წელს საარჩევნო წელიწადია და სავარაუდოდ, ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

მომხსენებლების თქმით, ევროკომისიის 9 დათქმიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე წინაპირობაა, ანუ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ევროკავშირისთვის ბლოკში მტკიცე საერთო საგარეო პოლიტიკის არსებობის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ყველაფრის ფონზე კი, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან წლიდან წლამდე იკლებს. 2020 წელს თანხვედრის მაჩვენებელი 62% იყო, 2022 წლის პირველ ნახევარში კი მაჩვენებელმა 44%-მდე დაიწია. ამ მხრივ საქართველო ჩამორჩება ასოცირებული ტრიოს დანარჩენ წევრებს, უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადებიან.

“გაფართოების პროცესის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე თავსებადობა და ამიტომ საქართველოს ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბევრი აქვს სამუშაო. შეიძლება დიალოგის ინიციირება ევროკავშირთან, რომ ის შიში თუ წუხილი, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე აქვს ქვეყანას, იყოს განხილული სტრატეგიულ პარტნიორთან სიღრმისეული, თუნდაც, დახურული, მაგრამ ექსპერტული დიალოგის ფარგლებში და აუცილებლად დავინახოთ ეტაპობრივი პროგრესი ამ მიმართულებით. როგორც რუსეთის მიმართ დაკისრებული სანქციების თვალსაზრისით, ასევე სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის გლობალური ადამიანის უფლებების დღის წესრიგთან დაკავშირებულ დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით”, – განაცხადა ბრიფინგის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ეკა აკობიამ, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა.

შეხვედრაზე არაერთხელ აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე გრძელი გზაა და სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესრულების შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული ევროკავშირმა დამატებით წინაპირობები წამოაყენოს.

“აუცილებელია, რომ გადაწყვეტილებებსა და კანონების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა ოპოზიციამაც, სამოქალაქო საზოგადოება იყოს მუდმივად ჩართული კონსულტაციებსა და ამ რეფორმების განხორციელების პროცესში. მთლიანობაში მეტი ფოკუსირება უნდა მოხდეს ამ 9 ნაბიჯის იმპლემენტაციაზე, ვიდრე პოლიტიკურ ბრძოლასა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით დაპირისპირებაზე. ევროკავშირს ვალდებულება არ აუღია, რომ ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ საქართველო აუცილებლად დაიწყებს მოლაპარაკებებს. თუმცა ამ ნაბიჯების კარგად შესრულება იქნება ძალიან კარგი საწინდარი იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირთან. თუმცა შესაძლოა, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად კიდევ დამატებით მოთხოვნები დაგვიწესონ”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, “ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორი.

ორგანიზატორების თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს გასატარებელ რეფორმებზე კონსესუსის მიღწევა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ საქართველო დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას და მომავალი წლის ბოლოს ასოცირებული ტრიოს ორი ქვეყნის მსგავსად მიიღოს მწვანე შუქი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ხოლო იმისათვის, რომ ამ მიზნამდე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეთ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობაა აუცილებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend