მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტის წლის ბოლო სხდომა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის წლის ბოლო სხდომა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა

ევროკავშირის ჰიმნი საქართველოს პარლამენტში დღეს, 15 დეკემბერს, გაისმა. ამით ქართველი დეპუტატები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმნენ და ჰიმნის დასასრულს აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საზოგადოებას ქვეყნის ეს დიდი წარმატება მიულოცეს და ამ მიღწევაში მმართველი გუნდის ძალისხმევას გაუსვეს ხაზი. მათი განცხადებით, ახლა წინ დიდი გეგმებია, რომელთა შესრულებასაც აპირებენ და ამისთვის აუცილებელი იყო მოტივაცია, რომელიც საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ევროკავშირისგან უკვე მიიღო.

“ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი – ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას, ეს არის ჩვენი ამოცანა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირის ელჩს, ამერიკის ელჩს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, ჩვენს კოლეგებს, პარლამენტარებს, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. უამრავი საჯარო მოხელე იყო ჩართული ამ გამარჯვების მოპოვებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოდუნებას არ ვაპირებთ, წინ გასავლელია გზა იმისათვის, რომ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. უახლოეს პერიოდში შესასრულებელია 9 პრიორიტეტი, რომლებიც წარმოადგინა ევროკავშირმა. ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება“,- განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად საზეიმო განწყობა ჰქონდათ პარლამენტის წევრ ოპოზიციონერ დეპუტატებს. მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკავშირში 14 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ყველა ნეგატიური პროცესი გადაფარა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გასატარებელი რეფორმებისა და ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მეტი დემოკრატიულობისკენ მოუწოდებენ.

“ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, ფაქტობრივად, ბეწვზე გავიარეთ. ქართველმა ხალხმა რუსულ ხელისუფლებას ეს გამარჯვება გამოგლიჯა, მაგრამ იმისთვის რომ წინ ვიმოძრაოთ, გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები გვჭირდება. ჩვენ უახლოეს თვეებში ვაპირებთ, ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგად ავუხსნათ, რატომ არის დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვირწმუნოთ საკუთარი ძალების, ვირწმუნოთ იმის, რომ ამ ქვეყანას მართლა აქვს ევროპული მომავალი და როგორ შეიძლება ამ მომავლის უზრუნველყოფა. ამ მიზნით ვაპირებთ, რომ ჩვენს მთავარ პოლიტიკურ მოკავშირესა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მთავარ მოკავშირეს, ქართველ ხალხს ვესაუბროთ ძალიან ბევრი. ეს ძალიან ნათელი ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. რუსული ხელისუფლების პირობებში ქართველმა ხალხმა ამ ხელისუფლებას ეს გამარჯვება გამოგლიჯა, მაგრამ იმისთვის რომ წინ ვიმოძრაოთ, ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები”, – განაცხადა პარტია “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

საზეიმო აღნიშვნით პარლამენტმა 2023 წელს მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა. ახალი გეგმებით, რეფორმების დაგეგმვითა და პოლიტიკური თავგადასავლებით საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომები უკვე 2024 წლის თებერვლის ბოლოდან, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, გაიხსნება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend