უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია და მოქალაქეებთან ე.წ. „პირდაპირი ხაზი“ გამართა.
პუტინის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ დამყარდება. ვლადიმერ პუტინმა უკრაინასა და რუსეთს ერთი ხალხი უწოდა და განაცხადა, რომ სამხრეთ-დასავლეთ უკრაინა ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. მისივე თქმით, მთავარ ამოცანად რუსეთის სუვერენიტეტის, რუსეთის მოქალაქეების თავისუფლებისა და კანონიერი უფლებების დაცვას მიიჩნევს.
„უკრაინა და რუსეთი ერთი ხალხია. ის, რაც ახლა ხდება, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ეს სამოქალაქო ომს ჰგავს ძმებს შორის. ძმები სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. სამხრეთ-დასავლეთ უკრაინა ყოველთვის პრორუსული იყო, რადგან ეს ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. თურქეთში კარგად იციან, რომ მთელი შავი ზღვის რეგიონი რუსეთს გადაეცა რუსეთ-თურქეთის ომის დროს. რა შუაშია აქ უკრაინა? ყირიმი და მთელი შავი ზღვის რეგიონი არაფერ შუაშია უკრაინასთან. ოდესა სინამდვილეში რუსეთის ქალაქია“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.