ისრაელის თავდაცვის ძალები, მიუხედავად არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა, შეწყვიტონ ცეცხლი, განაგრძობენ სამხედრო ინტერვენციას და ისლამური მოძრაობის ,,ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი იზრდება, ჰუმანიტარული მდგომარეობა კი უარესდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ვერაფერი შეაჩერებს.
,,ეს ომი რთული იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენც ხედავათ, რომ ,,ჰამასი“ ნელ-ნელა სუსტდება. ვხედავ, რომ თანდათან ყველა იაზრებს იმას, რა გვაქვს გადაწყვეტილი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, რათა გავანადგუროთ ეს დაჯგუფება”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
מדליק הערב נר שישי של חנוכה עם הלוחמים הגיבורים של יחידת שלדג ו-669. עם ישראל מצדיע לכם!
(צילום: קובי גדעון, לע״מ) pic.twitter.com/LjHsmzqko5
— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) December 12, 2023
„ჰამასმა“ ღაზაში სამხედრო ოპერაციის ამსახველი კადრები გაავრცელა.
ეს იყო მათი სასიკვდილო ტრანსსასაზღვრო თავდასხმა 7 ოქტომბერს, რამაც გამოიწვია ისრაელის დაუნდობელი პასუხი.
ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ცოტა ხნის წინ დაიწყო ზღვის წყლის გადატუმბვა „ჰამასის“ უზარმაზარ ლაბირინთში ღაზის ქვეშ. ამ პროცესს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება. მსოფლიო საზოგადოება შეშფოთებას გამოხატავს, რადგან ვარაუდობს, რომ ზოგიერთი მძევალი შესაძლოა მიწისქვეშეთში ჰყავდეთ დატყვევებული.
პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დედამიწა ჯოჯოხეთად იქცა, რეგიონში კოკისპირული წვიმა და წყალდიდობაც თავის კვალს ტოვებს.
ახლა უკვე მესამე თვეა, ღაზის მოსახლეობას მუდმივი დაბომბვის პარალელურად უწევს ცხოვრება. რეგიონში ვრცელდება სხვადასხვა დაავადებაც. მათ გაჭირვებას ცივი ამინდიც ემატება.