მთავარისაქართველოომში ჩაკარგული ხმები

ომში ჩაკარგული ხმები

„მე მახსოვს რომ ყველაზე მეტად ქართველები და აფხაზები გააერთიანა სოხუმელი მარადონას სიკვდილმა. სოხუმში ცხოვრობდა და მთელ სოფელს უყვარდა. რომ გავიგეთ მარადონა გაიგუდაო, ვფიცავ ადამიანობას, გაგვაერთიანა იმ ტკივილმა, ის იყო ჩვენი ბავშვობის მოგონება. ერთი 10 წლის წინ. აქედან ჩვენები ფულს ვაგროვებდით და აფხაზებს ვთხოვეთ, რომ ჩვენს სახელზე ქვა დაედგათ“. ( რესპონდენტი #25, ქალი, 40 წლის, წყალტუბო).

„მე ვარ ჯერ კიდევ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც პატარაობაში, მაგრამ მაინც ახსოვს, როგორი იყო აფხაზებთან ცხოვრება, ერთ-ერთ ქვეყანაში ვიღებდი მონაწილეობას დიალოგის ფორმატში, სადაც აფხაზებიც იყვნენ და მანდ შემეშინდა, მივხვდი, რამხელა განსხვავება იყო ჩემ ტოლ და ჩემზე ბევრად პატარა აფხაზებს შორის. ახალ თაობას ვერც კი დაელაპარაკები, როცა ჩემ ტოლ აფხაზ გოგოსთან ერთად … მალე გამოვნახეთ საერთო“.  (რესპონდენტი #25, ქალი, 40 წლის, წყალტუბო).

ეს ამონარიდებია იმ პირების ინტერვიუებიდან, რომლებიც მკვლევრებმა “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლევისთვის ჩაწერეს. რესპონდენტების ვინაობა ანონიმურია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი კონფლიქტით დაზარალებული პირები არიან და დევნილთა დასახლებებში ცხოვრობენ…

ორგანიზაციამ 13 დეკემბერს კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დევნილები თავს მიტოვებულად გრძნობენ, ფიქრობენ, რომ მათთვის ომი არ დასრულებულა და რომ მომავალი მათთვის ძალიან ბუნდოვანი და შემაშფოთებელია.

„ მათთან ჩვენი დიალოგის, ამ ინტერვიუების ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, დაგვენახა ის რესურსი მშვიდობის მშენებლობაში, რაც მათ აქვთ, რა აზრები აქვთ, რა აღქმები აქვთ მშვიდობასა და მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებით და ვფიქრობ ეს კვლევა კიდევ ერთხელ შეახსენებს დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე დევნილებს და ხაზს გაუსვამს მათ მნიშვნელობას და იმ დიდ რესურსს, რაც აქვთ მათ მშვიდობის მშენებლობაში”, – ამბობს მკვლევარი ნათია კეკენაძე. 

„სამწუხაროდ, ნამდვილად გაღრმავებულია პესიმისტური მიდგომები კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვნად გამოიკვეთა შიში, რომ შესაძლოა, მომავალი თაობებისთვის ეს ინტერესის სფერო არ იყოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე იმ თაობის ცვლა მომხდარა საბოლოოდ, ვისაც უშუალოდ ახსოვს აფხაზეთი, ამ თაობასა და ახალ თაობასთან ერთად მოხდეს მეტი ჩართულობა, როგორც აფხაზურ მხარესთან, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად“, – ამბობს სოციოლოგი თეა ქეცბაია. 

მშვიდობაზე საუბარი უჭირთ ოკუპირებული ცხინვალიდან დევნილებსაც. არ იციან, არსებობს თუ არა სახელმწიფო სტრატეგია ამ მიმართულებით. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთათვის დიდი დაბრკოლებაა რუსული ჯარიც, რუსი ჯარისკაცები დღემდე იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეობას…

„ვითარება სრულიად იცვლება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად, 90-იანების კონფლიქტის შემდეგ 2008 წლამდე პერიოდზე, ამ პერიოდში არსებობდა ერგნეთის ბაზარი და ამ ბაზარს ნამდვილად ჰქონდა ის შესაძლებლობა, რომ ქართველები და ოსები 90-იანების კონფლიქტის შემდეგ კვლავ ერთმანეთთან დაეახლოებინა. დამატებითი საერთაშორისო განზომილება არის უკვე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი, რომელმაც სრულად შეზღუდა გადაადგილება და ფიზიკური კონტაქტი ადამიანებს შორის და დღეს მიუხედავად ასეთი ზეწოლისა და შიშისა, რომელიც რეგიონში არსებობს, ძირითადად, კონტაქტების შენარჩუნება ხდება ტელეფონით, ინტერნეტითა და სხვა ციფრული საშუალებებით, რეგიონში მძიმეა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაღალი არის მიგრაცია. უბრალოდ განსხვავებული ტენდენცია, რაც სხვა რეგიონებს შეიძლება ახასიათებდეს არის ის, რომ ამ სოფლებში მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ძალიან დიდი არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები“, – ამბობს სოციოლოგი გიგა კარაპეტიანი. 

ამ კვლევის მიზანი იყო, რომ საზოგადოებას გაეგო დაუსრულებელ ომში ჩაკარგული ხმები. გაეგო სწორედ კონფლიქტით დაზარალებულთა წუხილი და ხედვები.

და ყველას გაეგო ის, რომ ეს ხალხი ომის დასრულებასა და მშვიდობის შენებას რუსეთთან დისტანცირებითა და ევროკავშირთან დაახლოებით ხედავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend