მთავარისაქართველო"საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას" - NDI-ის კვლევა

“საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას” – NDI-ის კვლევა

“ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას”, – ვკითხულობთ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამასთან ერთად, ყოველი მეორე ქართველი ამბობს, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრება არის საუკეთესო გზა ქვეყნისთვის.

ამავდროულად იკლო იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც მიიჩნევენ რომ ქვეყანა ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო პოლიტიკით უნდა ხელმძღვანელობდეს,  განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას ყველაზე ნაკლებად იზიარებენ ახალგაზრდები და დედაქალაქის მაცხოვრებლები.

მკვლევრებმა გამოკითხულებს დაუსვეს შეკითხვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თაობაზეც.

როგორც ირკვევა, ოპოზიციის მხარდამჭერების 46% ცალსახად პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას. ხოლო “ქართული ოცნების” მხარდამჭერების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა ამასთან ერთად რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყნებსა და გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. პასუხად მიიღეს ევროკავშირი, აშშ, რუსეთი, ნატო და თურქეთი.

ყველა შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანასა თუ გაერთიანებასთან ახლო თანამშრომლობის მთავარი მომხრეები ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიან, გარდა რუსეთის შემთხვევაში, სადაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები ჭარბობენ. “ქართული ოცნების” ყოველი მესამე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას ემხრობა, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერებიდან ყოველი მეხუთე.

საბოლოოდ, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი და აშშ არიან საქართველოს ყველაზე ახლო პოლიტიკური მხარდამჭერები და პარტიული სიმპათიების მიუხედავად, უმრავლესობას რუსეთთან დაახლოებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ურჩევნია.

კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 54%.

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მუშაობას მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ან საშუალოდ აფასებს. ზოგადად უფრო კრიტიკულად განწყობილი არიან ახალგაზრდები, დედაქალაქის მაცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები.

ახალი კვლევის თანახმად, “მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება.  62%-მა განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება. მონაცემების პარტიული მხარდაჭერის ჭრილში ანალიზი აჩვენებს, რომ ამ განწყობას “ქართული ოცნების” ყოველი მეხუთე, ოპოზიციური პარტიების ყოველი მეორე, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეკითხვაზე თუ რა არის მთავარი ეროვნული დონის გამოწვევები, რაც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რესპონდენტებმა კვლავ ფასების ზრდა/ინფლაცია, სამუშაო ადგილები და სიღარიბე დაასახელეს.

“ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე. ამ კუთხით კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვს”, – ვკითხულობთ კვლევაში.

დაბალი ხელფასებს და სამუშაო ადგილების ნაკლებობას ასახელებენ ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებადაც. როგორც დოკუმენტში წერია, “მოქალაქეები განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16% ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის მანძილზე ემიგრაციაში წავიდა”.

რაც შეეხება ეროვნული დონის გამოწვევებს, რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ “განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ხოლო ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მაღალ საფასურს უკავშირდება”.

ხოლო უმრავლესობის (83%) აზრით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (41%) ამბობს, რომ არ იცის, საჭიროების შემთხვევაში ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად. უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს.

გამოკითხულთა აზრით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია ჯანდაცვის, გამოხატვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების კუთხით.

რაც შეეხება ადგილობრივ პრობლემებს, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უსახლკარო ცხოველების პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ, ძაღლების. “2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით თბილისსა და პატარა ქალაქებში”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend