ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი ომი გრძელდება. ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებითი ზავის გაფორმებაში მონაწილე მხარეთა წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებითი ზავის განმეორებით დადების შანსები მცირეა. “ჰამასის” სამხედრო მეთაურობის თქმით, ისრაელი ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქეების გათავისუფლებას სამხედრო გზით ვერ მოახერხებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომი მორჩება მაშინ, როდესაც “ჰამასი” ბოლომდე განადგურდება.
ღაზის სექტორში ომი გრძელდება. მძიმე ბრძოლა იმართება სექტორის სიდიდით მეორე ქალაქში, ხან იუნისში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო უპირატესობა მკაფიოა, მათი მტკიცებით, “ჰამასმა” უკვე დაკარგა 7 ათასამდე ჯარისკაცი.
ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში მის უახლოეს მოკავშირე სახელმწიფოს ბოლო რამდენიმე დღეში 100 მილიონი დოლარის მოცულობის მხოლოდ სატანკო შეიარაღება მიჰყიდა.
7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ პირველად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში საარტილერიო შეიარაღება შეიტანა, “ჰამასის” უფრო და უფრო მეტი ჯარისკაცი ისრაელის არმიას კი ტყვედ ბარდება.
IDF ground, air and naval troops continue operations targeting and eliminating terrorists, their commanders and any Hamas operatives until we meet our goals—to eliminate Hamas and bring the hostages home. pic.twitter.com/P4tCtu1YBs
— Israel Defense Forces (@IDF) December 10, 2023
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ბევრი ტერორისტი დავაკავეთ, ბევრი მათგანი ამჯობინებს სიკვდილის მაგიერ ჩვენს ტყვეობაში იმყოფებოდეს, ეს კარგია, ვინაიდან ნიშანია იმის, რომ მათ გამარჯვებისა და გადარჩენის იმედი აღარ აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომი მორჩება მაშინ, როდესაც “ჰამასი” ბოლომდე განადგურდება.
ბენიამინ ნეთიანაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “ტერორისტები ტყვედ გვბარდებიან. ისინი იარაღს ყრიან და ჩვენ მამაც მეომრებს ბარდებიან ტყვედ. მეტი დრო დაგვჭირდება, ომი სრული მასშტაბით მიმდინარეობს. ეს “ჰამასის” დასასრულის დასაწყისია, “ჰამასის” წევრ ტერორისტებს მივმართავ, ნუ გაწირავთ სიცოცხლეს “ჰამასისთვის””.
7 ოქტომბერს დაწყებული ომის შედეგად ამ ეტაპზე 17 ათასზე მეტი პალესტინელი სამხედრო და სამოქალაქო პირია დაღუპული.
ისრაელის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 1200-ია, ასზე მეტი ადამიანი კი “ჰამასის” ტყვეობაში რჩება.