სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ქართულმა სტარტაპკომპანიებმა საკუთარი წარმოებისა და საქართველოში აწყობილი უპილოტო საფრენი აპარატები წარმოადგინეს. გამოფენილი იყო სამოქალაქო დანიშნულების დრონები. ორგანიზატორთა თქმით, მათი ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მათ უნდა იცოდნენ, რისთვის არის საჭირო დრონები.
სტარტაპკომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენილი უპილოტო საფრენი აპარატების მოდიფიცირების შემდეგ შესაძლებელია მათი სამხედრო დანიშნულებით გამოყენებაც. ბოლო დროს მსოფლიოში სხვადასხვა სამხედრო დაპირისპირების დროს ომში ჩართული მხარეები ფრონტის ხაზზე სამხედრო დრონებთან ერთად სპორტულ დრონებსაც იყენებენ. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ კი უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა.
უპილოტო საფრენი აპარატები აქტიურადაა გამოყენებული სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის დროსაც. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ისეთი ნიმუშები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია როგორც სასოფლო-სამეურნეო მიზნით, ისე ტყის ხანძრების მონიტორინგისა და სხვა სამაშველო ღონისძიებებისთვის.
თითქმის ყველა სტარტაპკომპანიამ შესთავაზა თავდაცვის სამინისტროს საკუთარი ტექნოლოგია. როგორც თავად ამბობენ, მათ საბრძოლო დანიშნულების დრონების წარმოების შესაძლებლობაც აქვთ.