მთავარისაქართველოუსახლკაროდ დარჩენილები

უსახლკაროდ დარჩენილები

საღამოს ათ საათზე, როცა მარინე ხუციშვილი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, თავისი ერთადერთი თავშესაფარი მიწასთან გასწორებული დახვდა.

მერიის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ  აფრიკის დასახლებაში  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი შენობა-ნაგებობა დაანგრია.

“საღამოს 10 საათისკენ მაღაზიისკენ გადავედი, ბავშვი წავიყვანე, მეზობელს დავუტოვე, რომ მაღაზიაში გადავალ-მეთქი, სანამ მე იქამდე გავედი და წამოვედი, დამირეკეს, რომ ზემოდან მოდიანო ტრაქტორებიო და ანგრევენო სახლებსო, სანამ იქიდან აქ მოვედი, წამში ვეღარ მოვუსწარი, დამილეწეს ყველაფერი, დამინგრიეს, სულ მიწასთან გაასწორეს, მყავს იუბილარი გოგო, დღეს 8 წლის გახდა, არის გამწარებული, მთელი ღამე ბავშვი კანკალებდა და მთელი ღამე არ სძინებია და არც მე მძინებია, აი, აქ ვიჯექი და ვუყურებდი, აი, ამ ოხერ დანგრეულ სახლს, რომ მეთქი როგორ და რა გავაკეთოთ, საიდან დავიწყო, სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, ახლა ვფიქრობ, ღამე სად გავათიო, რომ მინგრევ, ჯერ მნახე, როგორ სახლში ვცხოვრობ. ჭერი მქონდა, მხოლოდ “გიფსოკარდონი” არ მქონდა, არაფერი არ მქონდა, ღუმელი მენთო და ორპირი ქარი მქონდა სახურავის ქვემოთ, ისეთ სიცივეში ვაძინებდი ბავშვს, პიჟამებს ორმაგს ვაცმევდი, რომ არ გამეყინოს მეთქი”, – ამბობს მარინე ხუციშვილი. 

ახლა მარინესა და მის ოჯახს ღამის გასათევი არსად აქვს… სამი შვილით ქუჩაში დარჩა ჯულიეტა ჯიოევიც.

“ისე უცბად მოხდა და ისე უცებ მოვიდნენ, არც კი ველოდით საერთოდ, გაუფრთხილებლად. როცა იმედი ჰქონდა ყველას, რომ არ დაგვინგრევდნენ და არ ვიცით, ახლა წასასვლელიც არსად გვაქვს, ტრიალი მინდორი იყო, ძალიან საშინელი მდგომარეობა იყო აქ და გავასუფთავეთ და მოვუარეთ აქაურობას, ჩვენ 3 წელი გვქონდა ასე მიწებად შემოფარგლული, გავარკვიეთ კიდევაც თავიდანვე, რომ არავისი არ იყო, ეს ყველაფერი დავაზუსტეთ, სულ არ გვინდოდა გაფორმება, უბრალოდ გვინდოდა გვეცხოვრა. გაფორმებას აღარც ვჩიოდით, უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი ხომ გინდა, 3 შვილი მყავს, არ მაქვს წასავლელი არსად”, – ამბობს ჯულიეტა ჯიოევი.

 “დაგვინგრიეს ჩვენი ნაშრომი და დამკვიდრებაო რომ იძახიან, ჩვენ არ ვითხოვდით არც გაფორმებასა და არც არაფერს ვიმკვიდრებთ, უბრალოდ თავშესაფარი, რომ არ გვაქვს, გვინდოდა, რომ და გვინდა კიდეც, რომ მოგვცეს უფლება ბატონმა კალაძემ, ავაშენოთ და გამოვიყენოთ საცხოვრებელ სახლებად,  აქ სანაგვეზე მოსულები, უწყლობაში, უგაზოდ, უშუქოდ, მოვა მარტო გაჭირვებული, სხვა ვინ მოვა”, – ამბობს  ქრისტინა სონღულაშვილი.

მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში “სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული” 20-ზე მეტი შენობა-ნაგებობა დაანგრია. მერიაში ამბობენ, რომ ბოლო დროს ხშირია სახელმწიფო ტერიტორიებზე შენობების უკანონოდ აშენების შემთხვევები და ეს მათივე თქმით, გარკვეული  ჯგუფების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღებას ემსახურება.

არსებობს გარკვეული თაღლითური ჯგუფები, ვინც აგულიანებს, ვინც ეუბნება ადამიანებს, რომ შეუძლიათ, თითქოს, მუნიციპალურ და სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე შევიდნენ და ააშენონ შენობანაგებობები და შემდეგ, თითქოს, მათ დაუკანონებენ და ამაში ფულს სძალავენ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის მერია ადგეს და ბინა უყიდოს, არასწორია ეს დამოკიდებულება და არაერთხელ ვაჩვენეთ საზოგადოებას, თუ ვინ დგას ასეთი ქმედებების უკან“, – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

წინ ცივი ზამთარია, აფრიკის დასახლებაში კი ათობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.  ამბობენ, რომ ნივთებიც იმ დანგრეულ სახლებში დარჩათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend