„მეტა“ ფეისბუკის მესენჯერსა და ინსტაგრამის აპლიკაციებს შორის ჩატის შესაძლებლობას გათიშავს.
გათიშვის პროცესს „მეტა“ დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს და მომხმარებლებს აღარ ექნებათ საშუალება ინსტაგრამზე დაელაპარაკონ ფეისბუკ-მეგობრებს.
„მეტას“ ორი უმსხვილესი სოციალური ქსელის გაერთიანების ფუნქცია აქტიური იყო 2020 წლიდან. კომპანიაში კონკრეტულად არ აკეთებენ განმარტებას თუ რა გახდა აპლიკაციების გამაერთიანებელი ფუნქციის გაუქმების მიზეზი, თუმცა ტექნოლოგიური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიზეზი ევროკავშირის მიერ მიმდინარე წლის მაისში მიღებული კანონია ციფრული ბაზრის შესახებ და ეს არის მცდელობა აიცილონ ის პრობლემები, რომლის გამოწვევაც ამ კანონს შეუძლია ტექნოლოგიური გიგანტისთვის.
ევროკავშირის ციფრული ბაზრების შესახებ კანონი, რომელიც წელს შევიდა ძალაში, ტექნოლოგიური გიგანტების შემაკავებელი კანონია.
თუ ევროკომისია გადაწყვეტს, რომ რომელიმე მსხვილი პლატფორმა გადაჭარბებულად დომინირებს სხვა პლატფორმაზე, მან შესაძლოა, დააჯარიმოს კომპანია მისი წლიური საერთო შემოსავლის 10%-ით.