მეცნიერები ამბობენ, რომ წელს ჰაერში 1,1%-ით მეტი ნახშირორჟანგი იყო, ვიდრე გასულ წელს. მიზეზად კი ჩინეთსა და ინდოეთში დაბინძურებულ გარემოს ასახელებენ.
ამ სტატისტიკის შესახებ ცნობილი გახდა საერთაშორისო კლიმატის კონფერენციაზე, სადაც ოფიციალური პირები გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მათი მთავარი მიზანი 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 43%-ით შემცირებაა. მიუხედავად ამ მოლაპარაკებებისა, ნახშირბადით ჰაერი სულ უფრო მეტად ბინძურდება. წელს ჰაერში 37 მილიარდ მეტრულ ტონამდე ნახშირბადი გამოვლინდა, რაც ორჯერ აღემატება 40 წლისწინანდელ მაჩვენებელს.
ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობენ, გარემოს დასაცავად ნახშირის, ნავთობის, გაზის და ცემენტის გამოყენება შეამცირონ, თუმცა, ჩინეთისა და ინდოეთის გამო მსოფლიოში 2023 წლის ჰაერის წლიური დაბინძურების მაჩვენებელი სტატისტიკურად ბევრად გაზრდილია.
„ჩვენ არ მივდივართ სწორი მიმართულებით. რადგან ციფრები ამ წუთისთვის საგანგაშოა. თუ ქვეყნების მონაცემებს გადავხედავთ, ინდოეთში წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა 8%-ით გაიზარდა, ჩინეთში კი 4%-ით. ამერიკის შეერთებულ შტატებში 3%-ით დაიკლო, ევროპაში კი 7%-ით’’, – ამბობს პიერ ფრიდლინგშტაინი, კვლევის ავტორი.
მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ახლა დუბაის კლიმატის კონფერენციისკენაა მიმართული, სადაც ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და გარემოსთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.
კლიმატის სამიტი 30 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.