მთავარიმსოფლიოCOP28: დუბაიში კლიმატის 28-ე კონფერენცია მიმდინარეობს

COP28: დუბაიში კლიმატის 28-ე კონფერენცია მიმდინარეობს

გაეროს ყოველწლიური კლიმატის სამიტი დუბაიში 30 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსოფლიოში ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების გამო 7 მილიონი ადამიანი იღუპება. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის კრიზისი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან, ამაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია, რადგან შარშანდელ კონფერენციაზე არავის გაუმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე.

კლიმატის წლევანდელი  კონფერენციის სტუმრებს შეეძლოთ ენახათ ხელოვნურად შექმნილი ,,დაბინძურებული სივრცეები’’. სამი ერთმანეთთან დაკავშირებული გუმბათი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ უფრო ნათლად აღიქვას,  რამდენად დაბინძურებულია ჰაერი მეგაპოლისებში. გუმბათში დაყენებული კომპიუტერის მონიტორების საშუალებით სტუმრებს ჰაერის ხარისხის შესახებ ატყობინებენ.

,,ეს გუმბათები მხატვარ მაიკლ პინსკის შემოქმედებაა. ეს არის სამი ერთმანეთთან დაკავშირებული გეოდეზური გუმბათი, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის სიმულაციას ახდენს. როდესაც შიგნით შეხვალთ, შეგიძლიათ საკუთარ თავზე გამოცადოთ თუ როგორია ჰაერის დაბინძურების დონე მაგალითად ლონდონში, დელიში ან პეკინში”, -ამბობს ჯეინ ბარსტონი, კომპანია ,,სუფთა ჰაერის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი.

დუბაის წლევანდელ კონფერენციას კრიტიკულად აფასებენ, რადგან კონფერენცია იმ ქვეყანაში ტარდება, რომელიც ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კრიტიკოსების თქმით, სწორედ ისინი აბინძურებენ ყველაზე მეტად გარემოს.

სანამ მსოფლიო ლიდერები კლიმატის კონფერენციაზე იმყოფებიან, ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები ეწყობა. დემონსტრანტები კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით  დაუყოვნებლივ ქმედებას მოითხოვენ.

,,ძალიან კარგად ვხვდებით თუ რამდენად რთულ სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ რამდენიმე ათწლეულში, სწორედ ამიტომ უნდა დავაფასოთ და შევინარჩუნოთ ის, რაც ახლა გვაქვს”, -ამბობს კრისტოფერ კისინდე, კლიმატის კონფერენციის მონაწილე.

დუბაის მთავრობამ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ჰაერის ინდექსის დონე, რომელიც ამ მხრივ პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს. თუმცა, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის  შვეიცარიულ კომპანიაში ამბობენ, რომ დუბაი ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის  მე-18 ადგილზეა.  მათი თქმით, დუბაიში ჰაერში ორი ტიპის მავნე ნაწილაკების მაღალი დონე გამოვლინდა. ამიტომ  მოხუცებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე ხალხს ნიღბის გამოყენებას ურჩევენ.

2023 წლის კლიმატის სამიტს 70 000 დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან მსოფლიო ლიდერები, მინისტრები და ოფიციალური პირები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend