მთავარიმსოფლიოკავკასიარას შეცვლის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დოკუმენტის გაფორმება

რას შეცვლის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დოკუმენტის გაფორმება

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველად გაჩნდა რეალური პერსპექტივა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაქო და ერევანი გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, მაგიდაზე უკვე დევს დოკუმენტი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. ეს შეთანხმება ბევრ რამეს შეცვლის რეგიონში და შესაძლოა, საქართველოშიც.

 „თუ პროცესები წარიმართება უკეთესობისკენ, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ისევ განვიხილოთ ეს რეგიონი როგორც პოლიტიკური რეგიონი, რაც გარკვეულ სარგებელს მისცემს სამივე ქვეყანას, განსაკუთრებით საქართველოს, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეული ახალი მარშრუტები გაიხსნას სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთისკენ და საქართველომ ოდნავ დაკარგოს მისი ტრანზიტული ფუნქცია, მთლიანობაში მაინც მოიგებს ქვეყანა იმიტომ, რომ სტაბილურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ თუ აქამდე გვქონდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კორიდორები, ასევე შესაძლებელია, თეორიულად ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ანუ ირანისა და რუსეთის დაკავშირება საქართველოს ტერიტორიის გავლით და კიდევ სხვა უამრავი პერსპექტივა არსებობს, თუ როგორ შეიძლება რეგიონის დაკავშირება იმიტომ, რომ ეს არის რეგიონი, რომელსაც ახასიათებს დახურული საზღვრები და პირიქით, აი, ამ ხელშეკრულების შემდეგ უკვე უნდა გაიხსნას ეს საზღვრები და ხელი შეეწყოს საზღვრისპირა თანამშრომლობას“,- ამბობს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი მედიატორია რუსეთი. კრემლი 32 წლის განმავლობაში სწორედ სეპარატისტული რეგიონების შენარჩუნებით ცდილობდა რეგიონზე ზეგავლენის მოხდენას. ახლა ერევანი მოსკოვს აღარ განიხილავს უსაფრთხოების მთავარ გარანტად. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სომხეთის საგარეო კურსის საბოლოო ცვლილებაზე საუბრები ჯერ ნაადრევია, თუმცა ამის კონტურები უკვე ისახება.

„სომხეთი მუდმივ შიშში იმყოფება, რომ მის უსაფრთხოებას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება. აი, ამ გადმოსახედიდან სომხეთმა და ჩვენც მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ რეგიონში გაცილებით აქტიურად შემოვიდეს დიდი აქტორი, რომელიც ამ უსაფრთხოების ბერკეტებს შემოგვთავაზებს, იქნება ეს ნატო თუ ევროკავშირი. მე ვფიქრობ, რომ ჯობია ჩვენი სახით, საქართველოს გაწევრიანებით  ნატოში, შემოვიდეს ნატო და სომხეთმა ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო გააძლიეროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარ ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომში ბუნებრივია სომხეთისთვის, უკვე აქტუალური გახდება ევროინტეგრაციაში ჩაჯდომა. მშვიდობის დამყარება გაცილებით წინ წაგვწევს ჩვენ, როგორც რეგიონს და გაცილებით წინ წაგვწევს, როგორც ცალკეულ სახელმწიფოს“,- ამბობს “საქართველოს უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი ლაშა ძებისაშვილი. 

“ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, რამდენად შეუძლია, რამდენად რეალისტურია სომხეთის პოლიტიკური ელიტის ეს სურვილი, იმიტომ, რომ იქაც არის გარკვეულწილად საზოგადოებაში გაყოფა, მათი ნაწილი მაინც რუსეთს მოიაზრებს მათ დამხმარედ მიუხედავად იმ ფრუსტრაციისა, რომელიც არსებობს ახლა, რუსეთის როლთან დაკავშირებით, საკმარისია, რომ რუსეთმა რაღაც ნაბიჯები  გადადგას და საზოგადოებრივი აზრი შეიცვალოს, ამიტომ, ძალიან რთულია დღეს ვისაუბროთ, მაგრამ თუ ჰიპოთეტურად ვიმსჯელებთ, რომ სომხეთმა გადადგა ეს ნაბიჯი და ეს იქნება შეუქცევადი, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან რაც უფრო დაუახლოვდება სომხეთი ევროკავშირის სტრუქტურებს, მით უფრო გაუჭირდება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ამბიციების განხორციელება“,- ამბობს კორნელი კაკაჩია, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი.

გაფორმდება თუ არა სამშვიდობო დოკუმენტი ჯერ კიდევ მომავლის საკითხია, თუმცა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, კავკასიის რეგიონში მისი სამხედრო გავლენა შეასუსტა. თუმცა აქ კვლავ ძლიერია რუსული პროპაგანდა, რომელიც ცდილობს სომხეთის მოსახლეობას დააჯეროს, რომ რაც ყარაბაღში მოხდა, ქვეყნის ხელისუფლებისა და ნიკოლ ფაშინიანის ბრალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend