რა იქნება საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდეგი სამოქმედო გეგმა და როგორია წინასაარჩევნო გარემოს შეფასება – ამ საკითხებზე დღეს “მრავალპარტიულმა დემოკრატიულმა ცენტრმა” საერთაშორისო კონფერენცია გამართა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხის მოთხოვნები ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ მოთხოვნების განხორციელებაზე უნდა იფიქრონ. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის მიღმა საზოგადოება ერთი მთავარი იდეის გარშემოა გაერთიანებული. ეს კი ევროკავშირში გაწევრება და რუსეთისგან ჩამოშორებაა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის ძალიან დიდი შანსი აქვს და ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს შანსი ვინმემ ხელიდან გააშვებინოს. მისივე განცხადებით, ახლა მთავარი ეროვნული თანხმობაა, რის გარეშეც ქვეყანა მტრისგან თავს ვერ დაიცავს. კონფერენციაზე მმართველი პარტიის წევრებიც იყვნენ მოწვეული, თუმცა ისინი შეხვედრას არ დასწრებიან.