მთავარისაქართველობიზნესასოციაციების მიმართვა ევროკავშირს საქართველოდან

ბიზნესასოციაციების მიმართვა ევროკავშირს საქართველოდან

ორგვერდიან დოკუმენტზე 14 ქართული ბიზნესასოციაციის ერთობლივი მიმართვის ტექსტი წერია. 14-მა ბიზნესგაერთიანებამ ერთობლივად შემუშავებული თხოვნით მიმართეს ევროკავშირის სტრუქტურებს, რათა საქართველოს 15 დეკემბერს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„ჩვენ, ბიზნესასოციაციები, მივესალმებით ევროკომისიის ახლახან გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ვადასტურებთ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ ბიზნესსექტორის მტკიცე მხარდაჭერას, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირ-საქართველოს დაახლოების პროცესში. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოში არსებული ბიზნესსექტორი ვუერთდებით მოწოდებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოველით, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას საბოლოო მიზანთან – ევროკავშირის წევრობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დოკუმენტის შედგენისა და გაგზავნის ინიციატორი საქართველოს ბიზნესსაბჭოა. განცხადების გაგზავნის გარდა ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებისათვის განცხადებები გააკეთეს. მათ ხაზი გაუსვეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას მთლიანად საქართველოსა და ქართული ბიზნესისთვის.

„გერმანიის ბიზნესასოციაცია სიამოვნებით შეუერთდა ამ საერთო გზავნილს ევროკავშირისადმი, რათა სრულად ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა და ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების საკითხში, რაც ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გამოიხატება. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ზოგადად ამ ქვეყნის განვითარებისა და კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის“, – აცხადებს საშა ტერნესი.

ადგილობრივი ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელები დეტალურად საუბრობენ, თუ რა სიკეთეებსა და მრავალფეროვან შესაძლებლობებს მიიღებს ქართული წარმოება და ბიზნესი, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მათი განცხადებით, ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს მაღალხარისხიან საქმიანობას.

„ქართულმა ბიზნესმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ პროცესისთვის, რომ მეტი კეთილდღეობა მივიღოთ ევროპიდან. სულ რამდენიმე დღეში, როდესაც ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს, ეს საკმაოდ დიდი დამსახურება იქნება არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ ქართული ბიზნესის. იმიტომ, რომ ბიზნესის სტაბილურობისა და ეკონომიკის სიმყარისთვის ევროპის კარი რომ ღია იყოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობების ბაზარი ქართული ბიზნესისთვის. ასე რომ, ჩვენი დღევანდელი ერთობა აჩვენებს ევროკავშირს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – აცხადებს „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი ივა ჭყონია.

მრავალწლიანი გამოცდილებისა და მსხვილი ბიზნესის მწარმოებელი გაერთიანებების თავმჯდომარეებს კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს 500-მილიონიანი, თავისუფალი ეკონომიკის ბაზარზე წვდომა ქართველი ხალხისთვის. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით საშუალოდ 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს. საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კი თავად ევროკავშირს უამრავი მიმართულებით დაავალდებულებს, ჩვენი ქვეყნის უფრო მეტი მხარდაჭერის გაწევისთვის.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend