მთავარიმსოფლიოNATOნატო უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების პირობას დებს

ნატო უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების პირობას დებს

ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ქვეყანათა წარმომადგენლების შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციაა. ალიანსის ლიდერების განცხადებით, უკრაინას სამხედრო დახმარება ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროება და ნატო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვედრების ოთახისკენ მიემართებიან Copyright ნატოს ოფიციალური ვებგვერდი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Copyright ნატოს ოფიციალური ვებგვერდი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად Copyright ნატოს ვებგვერდი

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: “წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინისადმი მხარდაჭერას, ეს გულისხმობს როგორც უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, ასევე ბრძოლის ველზე შესაბამისი შეიარაღებით მამაცი უკრაინელი ჯარისკაცების თანადგომას. გერმანია მომავალ წელს უკრაინას 8 მილიარდ ევროს გამოუყოფს, ნიდერლანდები კი 2 მილიარდ ევროს. რუმინეთში უკრაინელი პილოტების F16 ტიპის სამხედრო საჰაერო ხომალდებით წვრთნის მიზნით სამხედრო საჰაერო ბაზა მოქმედებს. ამერიკის შეერთებული შტატები და ფინეთი კი უკრაინას დამატებით თავდაცვით სისტემებს გადასცემენ. ეს ყველაფერი უკრაინის მოქალაქეების დაცვას ემსახურება და რუსულ მხარეს აჩვენებს რომ უკრაინის მხარდაჭერა არ შეჩერდება”.

ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების მეორე დღეა. მინისტერიალზე დამსწრე დიპლომატების განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციაა, განიხილება ასევე დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარებაც.

დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: “უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინისათვის მიწოდებული სამხედრო დახმარების მოცულობა რადიკალურად გაიზარდოს, ვგულისხმობ როგორც ტყვია წამალს, ასევე შეიარაღებას. უნდა შეიქმნას საერთო სამხედრო ინდუსტრიული ცენტრი. ეს გახლავთ არა მარტო უკრაინისათვის შესაბამისი სამხედრო დახმარების გაწევის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა, არამედ ასევე დასავლური სამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა”.

ანალენა ბაერბოკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი: “უკვე 650-ზე მეტი დღეა, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. რუსეთი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებს კლავს. რუსული მხარის მიზანი ევროპაში არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის მოსპობაა. ჩვენი ერთიანი ძალებით წინ აღვუდექით ამ აგრესიას, შევძელით ერთიანობის შენარჩუნება და თითქმის ორი წელია, რაც უკრაინას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ერთიანი ძალებით ვუწევთ, ეს გასტანს მანამ, სანამ ეს კიევს დასჭირდება”.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Copyright ნატოს ვებგვერდი

დევიდ კამერონი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი: “ორი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში და კიევში განვაცხადე, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელება კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი საკითხია. აუცილებელია, რომ უკრაინელ ერსა და შეიარაღებულ ძალებს პუტინის აგრესიისათვის სათანადო პასუხის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდეთ. სწორედ ეს გახლავთ ჩემი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მთავარი მიზანი”.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი 2014 წლიდან არის. ნატო დიდი ალბათობით ახალ გენერალურ მდივანს ივლისში, ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე აირჩევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend