საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დეოლიგარქიზაციის, კანდიდატის სტატუსისა და მთავრობის მიერ რეფორმების გატარების მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა. ელჩის თქმით, დეოლიგარქიზაცია ევროპისთვის პერსონებსა და სახელებს კი არა, არამედ სისტემურ მიდგომას ეხება. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დეკემბერში ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რეფორმების გატარება უნდა დაჩქარდეს, რათა საქართველო დროულად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას. ამაში კი მისი თქმით, მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმა, რომელიც ევროპულ საბჭოში უკვე გაიგზავნა.
“ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს შესაფერისი გარემოს შექმნას, დემოკრატიის აყვავებისთვის პირობების შექმნასა და მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას. ასე რომ, ჩვენი ევროპული გადმოსახედიდან საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს.
საქართველოს გერბს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ერთიანობის სიმტკიცით არის შექმნილი და ზუსტად ეს არის საჭირო ევროინტეგრაციისთვის. თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის, სხვა ქვეყნების მაგალითებს, რომლებიც წარსულში შეუერთდნენ ევროპულ კავშირს, ეს ყოველთვის იყო ყველას კოლექტიური ძალისხმევა და მთავრობა აშკარად უნდა იყოს ინკლუზიური. ოპოზიციამ უნდა მოუსმინოს საზოგადოებას, მაგრამ ამავდროულად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში. გაერთიანებულ ქართველებს მართლაც, დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ევროინტეგრაცია არის ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პრიორიტეტია. ვიცი, რომ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ამ მიზანს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ მიზნის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად.
შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებულია მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში. ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან და თავიანთ შეფასებას გამოაქვეყნებენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხდება არა დროის დასაკარგად, არამედ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველომ შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას”,- განაცხადა ელჩმა.