მთავარისაქართველო"მწვანე ეკონომიკის" სტანდარტები და საქართველო - კონფერენცია თბილისში

“მწვანე ეკონომიკის” სტანდარტები და საქართველო – კონფერენცია თბილისში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემების გადასაჭრელად მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ სტანდარტი მოიფიქრეს. მიკრო და საშუალო ბიზნესიც საქართველოში ამ სტანდარტზე გადასვლას იწყებს. ენერგია მზის ელემენტებზე, თბოიზოლაციური სისტემები, ნარჩენების სწორად გადამუშავება, ენერგოეფექტური შენობები და მრავალი სხვა „მწვანე ეკონომიკის“ შემადგენელი კომპონენტებია. ასეთი პროექტების მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი საქართველოში „ევროპის საინვესტიციო ბანკია“. გასულ წლებში ამ ბანკმა ქართულ საფინანსო სექტორსა და მეწარმეებს 400 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო მხოლოდ ამ მიმართულებით. თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობაზე კი თბილისში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს სახელწოდებით “მწვანე, ინკლუზიური და ეკონომიკური ზრდა”.

„ჩვენი მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 400 000 მილიონი ევრო, მიკრო და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერად გამოიყო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი გამოწვევაა გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვის. თანამედროვე ბიზნესის მწვანე ეკონომიკის სტანდარტებზე გადაწყობა ევროკავშირის პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს სამი მთავარი პრიორიტეტი: მწვანე დაფინანსება, ინკლუზიური დაფინანსება და ეკონომიკური ზრდისა და ინოვაციების დაფინანსება. ეს კონფერენცია მიზნად ისახავს სხვადასხვა მხარესთან ამ საკითხებზე მსჯელობას“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების განყოფილების დირექტორმა ლიონელ რაპაიმ.

კონფერენციის გახსნის პატივი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ერგო. ევროპელმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროკავშირისგან საქართველოსადმი მხარდაჭერა „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ არაერთი მსხვილი პროექტების განხორციელებაშიც გამოიხატება. მისი თქმით, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან. ამისთვის კი მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა იმუშაონ.

„ამ კონფერენციის მთავარი ფოკუსი მომართულია საქართველოს ეკონომიკის გამწვანების საკითხზე. ამ მიმართულებით აქტუალურია პატარა და საშუალო სტარტაპებისა და ბიზნესპროექტების ხელშეწყობა. ეს მოიცავს მრავალ მიმართულებას. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი მოხარული ვარ, რომ ვისაუბრო საქართველოსადმი მრავალმხრივ მხარდაჭერაზე, რომელთა შორის ერთ-ერთია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი. ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში საქართველოს ეკონომიკის გამწვანების მიზნით სხვადასხვა მასშტაბის პროექტი მიმდინარეობს. რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო კარგია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის”,- განაცხადა ელჩმა.

ქართველი ბიზნესმენები და ასოციაციების წარმომადგენლები მიესალმებიან „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლისთვის ხელშემწყობ პროექტებს. მათი დიდი ნაწილი ამ გზაზე მთავარ გამოწვევად ფინანსებსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს მიიჩნევს.

„მწვანე ეკონომიკის დანერგვა, განსაკუთრებით აგრომიმართულებით, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. თუმცა ამ გზაზე მრავალი გამოწვევა არსებობს. პირველ რიგში ეს არის ცნობიერების ამაღლება. დონორი ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები და სახელმწიფოც მუშაობენ ამ კუთხით, თუმცა ჩემი აზრით, ბიზნესის აქტიურობა უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ბიზნესმა უნდა დანერგოს „მწვანე ეკონომიკა“ და სახელმწიფომ და დონორებმა ხელი უნდა შეუწყონ ამაში. მთავარია იმის ცოდნა, თუ რა სარგებელი მოაქვს ამას და მეორე, როგორ უწყობს ხელს მწვანე ეკონომიკის ქონა ქვეყნის ეკონომიკურად განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

კონფერენციაზე პრიორიტეტად მიიჩნიეს ფინანსური მხარდაჭერა ისეთი ბიზნესპროექტების, რომლებიც „მწვანე ეკონომიკის“ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სესიაზე გამომსვლელთა განცხადებით, სესხები დაბალ პროცენტში, ნაკლები სახელმწიფო გადასახადები, ინვესტიციების მეტი არჩევანი ხელს შეუწყობს „მწვანე ეკონომიკის“ სწრაფად დამკვიდრებას საქართველოში.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend