მთავარისაქართველოჭაჭუნას აღკვეთილში თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება

ჭაჭუნას აღკვეთილში თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება

ჭაჭუნას აღკვეთილში დაცული ბუნება გადამფრენი ფრინველების თავშესაფარია. ყოველწლიურად, ეს ტერიტორია მასპინძლობს 100-ზე მეტ გადამფრენ სახეობას, რომელთა დიდი ნაწილი აქ ბუდეს იკეთებს.

ჭაჭუნას აღკვეთილი ფრინველებზე დასაკვირვებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში, რადგან აქ 250-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათ შორის უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობები: ფასკუნჯი, ბექობის არწივი, დურაჯი და სვავი, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის, „წითელ ნუსხებში“ აღირიცხებიან.

ახლა, ამ ტერიტორიაზე თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება.

დაცულ ტერიტორიებს ჭაჭუნას აღკვეთილში შეემატა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჭაჭუნას აღკვეთილსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ჰაბიტატებისა და სახეობების აღდგენას და მის კონსერვაციას. ასევე ითვალისწინებს ეკოტურიზმის განვითარებას. ძალიან კარგია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე შემოიღობა ტერიტორია, რომელიც ჭალის ტყის თვითგანახლებას უწყობს ხელს”, – განაცხადა იურო ნოზაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

დღევანდელი ვიზიტის დროს სტუმრებმა საკარვე ტერიტორია, ტურისტული თავშესაფარი და ე.წ. “ლეშიჭამიების რესტორანი მოინახულეს”. იგივე  “ფრინველთა სასადილო” დამატებითი კვების სადგურია, რომელიც იშვიათი სახეობებისთვის საკვების მიწოდებასა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

აღკვეთილების სწორად მართვის გზებზე ,,საბუკოს“ დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი გვესაუბრა.

“ძალიან ცხადად ვხედავთ, რა გარემოსდაცვითი პრობლემები არის ამ ტერიტორიაზე. ადამიანის საქმიანობის შედეგად, არამდგრადი საქმიანობის შედეგად თუ კლიმატის ცვლილების ზეგავლენით დიდი საფრთხის წინაშე არის საძოვრებისა და ჭალის ტყის ეკოსისტემები. ძალიან ცხადად აჩვენა ჩვენმა პროექტმა, რომ ადამიანის აქტიური ჩარევა არის აუცილებელი ამ აღკვეთილის მართვაში იმისათვის, რომ ბუნებას ეშველოს და რამენაირად აღდგეს ეს ეკოსისტემები. სწორედ ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ,,საბუკომ“ განახორციელა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ხელს უწყობს სწორი მართვის ჩამოყალიბებას აღკვეთილებში“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

ჭაჭუნას აღკვეთილს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვაც ეწვია.

“დღეს საშუალება მომეცა ძალიან ლამაზი და უნიკალური ადგილი მომენახულებინა. ეს ჭაჭუნას აღკვეთილია, რომელიც სულ რაღაც 4 საათის დაშორებით არის თბილისიდან. აქ ძალიან იშვიათი ფრინველები და ცხოველები ბინადრობენ. დღეს, როდესაც ხშირად ჩეხენ ტყეებს და აქტიურად მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების დაცვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ამ ბუნებას. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მდგრად ეკოტურიზმს ისე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება”, – ამბობს ანნა ჩერნიშოვა.

ვიზიტის ბოლოს, აღკვეთილის სტუმრებს ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილის გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

ჭაჭუნას აღკვეთილი არა მხოლოდ საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთელი მსოფლიოს. თანამედროვე ეკოტურისტული სერვისების განვითარება კი ამ უნიკალური ეკოსისტემის დაცვას, წარმოჩენასა და შესწავლას შეუწყობს ხელს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend