მთავარისაქართველოარჩევნებში ჩართული მხარეები საარჩევნო ბარიერის ცვლილებაზე მსჯელობენ

არჩევნებში ჩართული მხარეები საარჩევნო ბარიერის ცვლილებაზე მსჯელობენ

ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ეს არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. სწორედ ბარიერის შესახებ არის ახლა აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ წრეებსა თუ სამოქალაქო სექტორში. ოპოზიციის ნაწილს 5-პროცენტიანი ბარიერის შემცირება სურს, თუმცა მმართველი პარტია ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო ბარიერის ცვლილებას, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გარეშე კი საარჩევნო ბარიერი ვერ შეიცვლება.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, იმ ამომრჩეველთა ხმები, რომელთა მიერ მხარდაჭერილი პარტიებიც დადგენილ 5-პროცენტიან ზღვარს ვერ გადალახავენ, გადანაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან. საქართველოს მოქმედი საარჩევნო სიის მიხედვით, 5 პროცენტი დაახლოებით 100 ათასი ამომრჩევლის ხმაა. საპარლამენტო მანდატები პროპორციული განაწილების პრინციპით განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც საარჩევნო ზღურბლს გადალახავენ. ის ხმები, რომლებიც 5 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიებს ეკუთვნოდათ, მანდატების სახით, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების სასარგებლოდ ჩაითვლება.

საქართველოს უმაღლესი კანონის, კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ პარლამენტია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი. პარლამენტი ამტკიცებს მთავრობის შემადგენლობას, 76 დეპუტატის მხარდაჭერით. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში შესაძლოა, მხოლოდ 1 პარტია გახდეს 76 მანდატის მფლობელი და მხოლოდ მას ჰქონდეს როგორც მთავრობის დამტკიცების, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება. თუმცა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს. მათი განმარტებით, ასეთ დროს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტია გასათვალისწინებელი.

პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების შეტანა მმართველი პარტიის ნების გარეშე ვერ მოხდება. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერს არ შეამცირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend