ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გრძელდება შეთანხმება ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებულ მოქალაქეებს ეტაპობრივად ათავისუფლებენ.
39-ამდე პალესტინელი პატიმარი დასავლეთ სანაპიროზე ბრუნდება. ისინი ისრაელმა „ჰამასთან“ მიღწეული ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში გაათავისუფლა.
„ჰამასის“ მებრძოლებს შეთანხმების გახანგრძლივება სურთ, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მანამდე მათ მოუწევთ იმ ათეულობით მძევლის ადგილსამყოფელის დადგენა, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის პალესტინის ჯიჰადს“ ჰყავს დატყვევებული.
გასულ კვირას „ჰამასმა“ 17 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 9 ბავშვი და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე. გათავისუფლებულებს შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 4 წლის გოგონა, რომელსაც ისრაელისა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
მძევლების ოჯახებთან დაბრუნების ამსახველი კადრები მთელ მსოფლიოში ვრცელდება
ავიდგორების ოჯახისთვის ემოციური იყო „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული დედა-შვილის ნახვა.
The reception of the liberated child prisoners, as a mother welcomes her son liberated in the exchange organized by the Palestinian Resistance. pic.twitter.com/145vti4H57
— Samidoun Network (@SamidounPP) November 26, 2023
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი ლიდერია, რომელიც ბოლო 20 წელიწადის განმავლობაში პირველად ჩავიდა ღაზაში. მან მოინახულა ისრაელელი ჯარისკაცები, რომლებმაც მას „ჰამასის“ გვირაბები აჩვენეს.
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევენ. ისრაელის მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფაა, რომ ღაზა არასდროს იყოს ისეთი, როგორიც აქამდე იყო.
ცეცხლის შეწყვეტის შედეგად ასევე შესაძლებელი გახდა ღაზის სექტორში დამატებითი მარაგის შეტანა. ჰუმანიტარული დახმარებითა და საწვავით სავსე სატვირთოებთან მრავალი პალესტინელი შეიკრიბა
ზოგიერთმა პალესტინელმა ისარგებლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომ დაბრუნებულიყო და საკუთარი სახლის ნანგრევებში ოჯახების წევრები მოეძებნა.
პალესტინელების მონაცემებით, ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო იერიშების შედეგად 14500 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 1200 ადამიანი დახოცა, 240 კი მძევლად აიყვანა.