მთავარიმსოფლიოკლიმატის ცვლილებების შედეგი - ანტარქტიდა ყინულის დიდ მასას კარგავს

კლიმატის ცვლილებების შედეგი – ანტარქტიდა ყინულის დიდ მასას კარგავს

კლიმატის ცვლილება ყველაზე მტკივნეულად ანტარქტიდის კონტინენტზე აისახება – ამბობენ მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგებსაც, COP28 კლიმატის სამიტზე გააცნობენ მსოფლიო პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს. სანამ ფართომასშტაბიანი სამიტი გაიმართება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დასავლეთ ანტარქტიდას ეწვია. იმ ადგილს, სადაც ყველაზე მეტად დნება ყინულის საფარი. გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია ნანახით და პოლიტიკოსებს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს.

კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენცია COP28-ის გამართვამდე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ანტარქტიდის კონტინენტზე ჩავიდა. ყინულოვანი კონტინენტი უკვე წლებია, მეცნიერების საგანგებო ყურადღების ქვეშაა, რადგან გლობალური დათბობის გავლენების გამო ეს თეთრი კონტინენტი ყინულის წარმოუდგენლად დიდ მასას კარგავს. ეს კატაკლიზმური ცვლილება კი პლანეტაზე ბევრი მიმართულებით ქმნის პრობლემას.

ანტონიო გუტერეში ანტარქტიდის კონტინენტზე, 23 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Jorge Saenz

„ჩვენ ვხედავთ დაჩქარებულ საშიშ პროცესებს ამ კონტინენტზე. ეს საკუთარი თვალითაც ხილულია ყველა მონაკვეთზე, რაც მე უკვე ვნახე. ყინულის საფარი სწრაფად დნება. თუ გრენლანდიას და ანტარქტიდას შევხედავთ, ბევრი მეცნიერის დასკვნით ვუახლოვდებით იმ უკან არ დაბრუნების წერტილს, რომელიც შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს. დასავლეთ ანტარქტიდა სრულად დაკარგავს ყინულს. ეს კი მსოფლიო ოკეანეების დონის აწევას და უამრავ ტრაგიკულ კატაკლიზმს გამოიწვევს“.

ანტონიო გუტერეში ყინულოვან კონტინენტზე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან ნავით დაათვალიერა ოკეანისპირა ტერიტორიები, სადაც პინგვინები, სელაპები, ზღვის ლომები და სხვა სიცივის მოყვარული ცხოველები ბინადრობენ. გაეროს გენერალური მდივანი უკვე გაეცნო მეცნიერების დასკვნებს, ჰაერსა და ოკეანეში ტემპერატურის მატებისა და ანტარქტიდაზე გართულებული პროცესების შესახებ.

„ანტარქტიდის, გრენლანდიისა და ზოგადად, მყინვარების გადასარჩენად პირველი, რაც სწრაფად უნდა მოვიმოქმედოთ, ეს არის წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა. ეს არის გადამწყვეტი. წიაღისეული საწვავის მოპოვება და გამოყენება ინდუსტრიის ფაქტობრივად ყველა სეგმენტში, კლიმატის ცვლილების პირველი წყაროა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ერთნახევარ გრადუსზე მეტად არ მოიმატოს“.

წლების განმავლობაში მეცნიერები და გარემოსდამცველები თვალს ადევნებდნენ დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარს, როგორც გლობალური დათბობის მნიშვნელოვან მსხვერპლსა და ინდიკატორს. გასულ თვეში სამეცნიერო ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გლობალური დათბობის ფონზე ტემპერატურა იმ დონემდე გაიზარდა, რომ ყინულის ეს საფარი გარდაუვალ დნობას განიცდის.

„კლიმატის სამიტზე თითქმის ყველა ლიდერი იქნება. მათ შორის რომის პაპი. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი გამოსვლის შემდეგ მაინც, მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები რეალურად გააცნობიერებენ, თუ რამდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. აბსოლუტურ პრიორიტეტად უნდა დავსახოთ სწრაფი მოქმედება, რომ ნეგატიური პროცესები მინიმუმ შევანელოთ, თუ ვერ შევაჩერებთ. ეს სუიციდური ტრაექტორია სასწრაფოდ შემოსაბრუნებელია და ამას ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება“.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ყინულოვანი მასის დნობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეიცვლება ნახშირბადის ატმოსფეროში გაფრქვევის დონე. სპეციალისტების პროგნოზით, თუ დასავლეთ ანტარქტიდაზე ყინულის ფენა სრულად დადნება, მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მსოფლიო ოკეანეების დონე 1,8 მეტრით აიწევს. ბოლო მონაცემებით, ყინულოვანი კონტინენტის ამ ნაწილში, ყინულის საერთო მასის 30% უკვე დაკარგულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend