მთავარისაქართველო"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის აღნიშვნა და მიხეილ სააკაშვილის მანიფესტი

“ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავის აღნიშვნა და მიხეილ სააკაშვილის მანიფესტი

23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა 11-პუნქტიანი მანიფესტი, რომლითაც მის მიერ დაფუძნებული პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში საუბარია ქვეყნის განვითარების გზებზე, ასევე შიდაპარტიული დაპირისპირებების დასრულებასა და პარტიის მოქმედი მმართველების მიმართ ნდობისა და ლეგიტიმურობის ღიად გამოცხადების მნიშვნელობაზე.

ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

პარტიის ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ მანიფესტზე ფიზიკური ხელმოწერა სავალდებულო არ არის, უბრალოდ, მასში ასახული სულისკვეთება პოლიტიკური ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა გაიზიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მმართველების იდეებს არ იზიარებს პარტიის წევრთა ნაწილი, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მომხრეები.

„ეს ფიზიკური ხელმოწერა აბსოლუტურად არ არის აუცილებელი. მე არ ვაპირებ, რომ ფიზიკურად ხელი მოვაწერო. ვუერთდები. ასე რომ შეერთება ამ მანიფესტის სულისკვეთებასთან აუცილებელია, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ „მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას იმ ბრძოლაზე, რომლითაც ჩვენ რუსული მოღალატური რეჟიმი უნდა დავამარცხოთ საქართველოში და დამიდექით გვერდით”. ეს არის ის იდეები, რომლებიც არის წამოსული „ვარდების რევოლუციის“ იდეებიდან. ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მაშინ არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ. თუ ვერთიანდებით ამ იდეებისა და მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვუერთდებით ამ მანიფესტს, ვინც არ უერთდება, თავის გზას თვითონ მონახავს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” 23 ნოემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია. 20 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს, პარტიის მაშინდელი ლიდერის მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად გაერთიანებული რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მონაწილეობით ვარდების რევოლუცია მოხდა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში საქმიანობა დასრულდა. მას შემდეგ საზოგადოების ნაწილის მიერ ეს თარიღი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის სიმბოლოდაა მიჩნეული. სწორედ ამ თარიღს დაამთხვია მიხელ სააკაშვილმა მის მიერ შემუშავებული მანიფესტის გამოქვეყნება.

რიცხობრივად და გავლენებით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს მმართველი პარტია. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პოლიტიკური პარტიის თვითლიკვიდაცია იქნებოდა.

„რადგან რაღაც იუბილეებსა და მომენტებს აღნიშნავენ, ალბათ, კარგი მომენტი არის იმისთვის, რომ შეადგინონ ერთპუნქტიანი მანიფესტი, რომლის მთავარი არსი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი საქმე, რასაც ისინი გაუკეთებდნენ ქართველ ხალხს. რაც შეეხება აღნიშვნებს, გამოდის, რომ ისინი აღნიშნავენ საბოლოო ჯამში კაცთმოძულე, ადამიანის მოძულე სისტემის ჩამოყალიბების იუბილეს, რაც ძალიან მძიმეა. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი იყო. რა თქმა უნდა, ამის წარმოჩენა რაღაც დღესასწაულად, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის დაცინვაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა დიდი შეკრება 23 ნოემბერს, ყოფილი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. პარტიის ლიდერები, პოლიტსაბჭოსა და რიგითი წევრები ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს აღნიშნავენ. ასევე სავარაუდოდ, გაირკვევა, ვინ უერთდება, ან არ უერთდება პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის, მანიფესტში მოცემულ პუნქტებს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend