ისრაელში ჯერ კიდევ ელოდებიან ტყვეობიდან ახლობელი ადამიანების დაბრუნებას
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ღაზაში 50 მძევლისა და ისრაელის ციხეებში მყოფი გარკვეული რაოდენობის პალესტინელების გაცვლის პროცესი პარასკევამდე გადაიდო. უკვე ეჭვობენ კიდეც, საერთოდ შევა თუ არა ძალაში შეთანხმება, რომელიც ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითვალისწინებს.
გასულ ღამეს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის მთავრობის სხვა წევრების თანხლებით, ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ მძევლებთან დაკავშირებული გარიგება სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, როდესაც სამხედრო გზით შეუძლებელია მძევლების დაბრუნება, ასეთ დროს სხვა საშუალებებს უნდა მიმართონ.
ახლა ისრაელის მთავარი მიზანი მათი დაბრუნებაა
ბენიამინ ნეთანიაჰუ დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ როგორც სამხედროები, ისე უსაფრთხოების თანამშრომლები.
შეთანხმების მიღწევის ფონზე კი ისრაელს ღაზაში არ შეუჩერებია სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები, რომლებიც „ჰამასის“თავდასხმის შემდეგ დაიწყო. როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა.
ღაზაში კი, „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 13 000 პალესტინელი დაიღუპა, მათგან 5500-ზე მეტი ბავშვია.