ისრაელის ომის კაბინეტმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გაცვლას ითვალისწინებს.
ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში „ჰამასი“გაათავისუფლებს 50 მძევალს, რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან.
კაბინეტის მიერ შეთანხმების დამტკიცებაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს. ისრაელი ჩართულია ომში და გააგრძელებს ბრძოლას იქამდე, სანამ არ მიაღწევს მიზანს.
יחד עם קבינט המלחמה נפגשתי הערב עם משפחות החטופים שנמצאים תמיד בליבי ומנחים את פעולותיי.
השבת חטופינו היא משימה קדושה ועליונה – ואני מחויב לה. לא נרפה מהמשימה להשבתם וזאת האחריות שלי ושל קבינט המלחמה.
הקשבתי לכאב המשפחות. דיברנו מלב אל לב, שיתפתי אותם ככל שיכולתי במאמצים… pic.twitter.com/WX9h2COZpW
— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) November 20, 2023
პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელმა უნდა გაანადგუროს „ჰამასი“, დააბრუნოს ყველა გატაცებული და დაკარგული მოქალაქე და უზრუნველყოს, რომ ქვეყანას ღაზის მხრიდან საფრთხე აღარ დაემუქროს.
საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდეგ, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ღაზის სექტორში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის შეტანა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ძალაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუმცა ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ მძევლების ნაწილს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ.
ნეთანიაჰუზე კი იზრდება წნეხი გატაცებულთა ოჯახის წევრების მხრიდან, რომლებიც უკვე ყოველდღიურად მართავენ საპროტესტო აქციებს და მოითხოვენ, რომ „ჰამასთან“ დაიწყოს მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.