მთავარისპორტინიკა ამაშუკელი: "ბავშვების კომენტარებს ვნახულობ, წერენ, მსაჯი მინდა გამოვიდეო"

ნიკა ამაშუკელი: “ბავშვების კომენტარებს ვნახულობ, წერენ, მსაჯი მინდა გამოვიდეო”

საფრანგეთში გამართული რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის მიუხედავად 2023 წლის მსოფლიო თასი ქართული რაგბისთვის მაინც წარმატებული და ისტორიული გამოდგა. მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად იმსაჯა ქართველმა არბიტრმა ნიკა ამაშუკელმა. ასევე ნიკა გახდა პირველი მსაჯი, რომელიც ე.წ. მეორე ეშელონის ქვეყნიდანაა და მსოფლიო თასზე იმსაჯა.

„ჩემი იქ მოხვედრა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ძალიან ემოციური და სიმბოლური იყო. ასევე ეს იყო ძალიან დიდი მსხვერპლშეწირვის შედეგი, არა მხოლოდ ჩემი ცხოვრების, არამედ ჩემი ოჯახის, ჩემი მეუღლის, ჩემი შვილის… დროისა და ნერვების ხარჯვა. შედეგად რაღაც ნაიარევები გრჩება. საბოლოო ჯამში ყველაფერმა მოიტანა შედეგი და აღმოვჩნდი მსოფლიო თასზე“, – ამბობს ნიკა ამაშუკელი.

ნიკამ მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მთავარი არბიტრის რანგში სამი შეხვედრა ჩაატარა, დამხმარე არბიტრის რანგში დამატებით 6 შეხვედრა. მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრა ირლანდიასა და რუმინეთს შორის პირველ უქმეებზე საფრანგეთის ქალაქ ბორდოში შედგა.
„ეგ თამაში ჩემთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ფაქტორის გამო იყო. ერთი, მსოფლიო თასზე დებიუტი მქონდა და ჩემ მიმართ ხალხის მოლოდინი ძალიან დიდი იყო. აქ არ არის მხოლოდ ქართველ ხალხზე საუბარი, მთელი მსოფლიო გაკვირდება. ახლოდან რომ აწყდები ასეთ თამაშს, მასშტაბს გრძნობ ძალიან ცხადად. იცი, რომ ის ერთადერთი თამაშია იმ მომენტში, მსოფლიოში, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. გინდა, არ გინდა, გრძნობ გარკვეულწილად წნეხს. მსგავსი წნეხი ახასიათებდა ექვს ერს, მაგრამ ის წნეხი საბოლოოდ ახლოს ვერ მივა“.

ქართველი მსაჯისთვის ირლანდია-რუმინეთის დაპირისპირებას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. პირველი შეხვედრა, რომელსაც ნიკამ 12 წლის ასაკში უყურა, 2007 წლის მსოფლიო თასზე სწორედ ბორდოში გამართული შეხვედრა იყო ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი კი ინგლისელი უეინ ბარნსი იყო.

„მაშინ ასაკით, ჩემხელა 28 წლის იყო. მასაც დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ისე გამოვიდა, რომ 16 წლის მერე იმავე ქალაქში, ასევე ირლანდიასთან მსოფლიო თასზე მე ვიყავი 28 წლის და უეინი იყო ჩემი გვერდითა მსაჯი“.

ლეგენდარულმა მსაჯმა, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო თასზე ფინალურ შეხვედრასაც უმსაჯა, ამ ამბავს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

ნიკა ამაშუკელმა მსოფლიო თასზე მოხვედრის შესახებ კი მარტში გაიგო.

„ოთხშაბათიდან ურეკავდნენ მათ, ვინც მიდიოდა. ჩემამდე ზარი კვირამდე არ მოვიდა. ძალიან რთული ოთხი დღე გავიარე იმიტომ, რომ ვიგებდი ინფორმაციას, რომ ვიღაც მსაჯები უკვე წასულები იყვნენ, ვიღაცებს უშვებდნენ… მეც ვფიქრობდი, რომ ან ვერ მოვხვდი, ან გვერდითა მსაჯად მოვხვდი. საკმაოდ ემოციური ლოდინის დღეები იყო. ტელეფონთან ძალიან ინტენსიურად ვიყავი. საბოლოო ჯამში კვირას დამირეკეს. თავიდან გამეხუმრნენ, შენზე ვერ გადავწყვიტეთ და კიდევ სამი დღე უნდა დაგველოდოო. საბოლოო ჯამში მითხრეს Welcome to France 2023. ძალიან ემოციური მომენტი იყო. სახლში ვიყავი და იმ წამსვე ღვინის ბოთლი გადმოვიღე. ცრემლებიც წამომივიდა. იქ ვერ მოხვდები, თუ ეს შენი ვნება არ არის და ისეთ ცხოვრებისეულ სიყვარულს არ განიცდი, რომელიც გწვავს. მწვერვალზე რომ ადიხარ, ეს ძალიან ემოციურია“.

მსოფლიო თასზე მსაჯობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ნიკასთვის, არამედ ქართული რაგბისთვისაცაა. სპორტის განვითარებისთვის ქართველი პროფესიონალების, მათ შორის მსაჯების, წარმატება შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ეროვნული ნაკრების წარმატებაა.

„პირველ რიგში ქართლი რაგბისთვის ეს არის ძალიან დიდი პრესტიჟი. კულისებს მიღმა, მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებში, ჩაკეტილ წრეებში მსაჯები ძალიან დაფასებულები არიან და ძალიან დიდი პრესტიჟითა და პატივისცემით სარგებლობენ. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი რომ ჰყავს, ეს ქართული რაგბისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ქართულ რაგბის შეუძლია იმის მინიშნება, რომ ძალიან გამართული სტრუქტურა აქვს. გამართული სტრუქტურის გარეშე და მხარდაჭერის გარეშე აქამდე მსაჯს ვერ მიიყვან. საერთო სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრები, შვიდკაცა, ქალთა რაგბი, სამსაჯო. როდესაც ამ ფორუმზე გყავს ეროვნული ნაკრები, რომელიც მაღალი ეშელონის ნაკრებებს ეთამაშება რაგბის და აქვს სურვილი იყოს ტიერ 1, გყავს ასევე სტრუქტურიდან მსაჯი, რომელიც არის ტიერ 1“, – ამბობს ნიკა.

ნიკა ამბობს, რომ მსოფლიო რაგბის სამსაჯო სტრუქტურებთან ახლო კონტაქტით ის ეროვნულ ნაკრებსაც ეხმარება, რადგან მას ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა აქვს.

„სწრაფი წვდომა კარგია ეროვნული ნაკრებისთვის. მე შემიძლია ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უკვე დაღეჭილ, გამარტივებულ ვერსიაში წარვუდგინო, რაზე უნდა მოახდინონ მოედანზე, თუ მოედნის გარეთ ადაპტირება და აქცენტები რაზე იქნება“, – ამბობს ნიკა ამაშუკელი.

მსოფლიო თასზე ნიკას პირველი გამოსვლა რაგბის სამყარომ დადებითად შეაფასა. შესაბამისად, წარმატებული ჯგუფური შეხვედრების შემდეგ ბევრი მის გამოჩენას მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებშიც ელოდა. თუმცა ნიკა ვერ მოხვდა იმ მსაჯებს შორის, რომლებმაც პლეი-ოფის თამაშებს უმსაჯეს.

„რაც არ უნდა მსოფლიო რაგბის ერქვას World Rugby ანუ მსოფლიო გლობალიზებული რაგბი, ეს ასე არ არის. საკმაოდ კარჩაკეტილი გარემოა. როგორც ჩვენ, ცოტა დაბალი რანგის, მეორე ეშელონის ქვეყნების წარმომადგენლებს არ სწყალობენ. ჩარაზული კარების შეღება ძალიან რთულია. ჩემთვის პირდაპირ აქვთ ნათქვამი, რომ შენი შეცდომა იქნება მეტად სარისკო, შენი შეცდომა იქნება მეტად ზიანის მომტანი ვიდრე სხვისთვის, თუნდაც ,ინგლისელისთვის, თუნდაც, ზელანდიელისთვის, თუნდაც, ავსტრალიელისთვის. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე არ გამოვჩნდი მეოთხედფინალში, ნახევარფინალში, რადგან მათ კონტრავერსულ მომენტებს ჩემი ახალგაზრდა ასაკი მოარიდეს. გათვლა აქვთ, რომ უნდა ვიყო მინიმუმ ორ ჩემპიონატზე. სწორედ ამას ირიდებს მსოფლიო რაგბი, რომ ახალგაზრდა მსაჯებს პლეი-ოფებს აღარ ანდობს და ეს ყოვლად გასაგები პრაქტიკა არის“.

ნიკას მსოფლიო თასზე გამოსვლა სხვა მსაჯებისთვის ერთგვარი მაგალითია, რომ უმაღლეს დონეზე მსაჯობა ქართველი არბიტრებისთვისაცაა შეუძლებელი.

„ვხედავ ძალიან დიდ მოტივაციას ჩემს კოლეგებში, ახალგაზრდებში, 20-21 წლის მსაჯებში, რომლებიც ანთებული თვალებით მოდიან. რამდენიმეს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ მეც მინდა მსოფლიოზე მოხვედრა. ეს ძალიან სასიამოვნოა. არამარტო ქართველებისგან. ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე რუმინელი თუ ესპანელი მსაჯებისგან, რომლებიც ასევე მეორე ეშელონის ქვეყნებიდან არიან და ეს ბარიერები მათთვისაც არსებობს. დიდი სიყვარულით მწერენ მადლობას, რომ საერთო საქმეს დიდი ბიძგი მივეცი. ჩვენი მსაჯებიც ნახავენ, რომ ეს შესაძლებელია და მაგალითი იქნები. ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან გვინდა, რომ ეს სპორტი გაიზარდოს. საბოლოო ჯამში მსოფლიო რაგბიც ამას ამბობს. მეთოდებზე არ ვიცი, ამას როგორ აკეთებს, მაგრამ საბოლოო მიზანია, რომ რაგბი გაიზარდოს. მე თუ ჩემ წილ აგურს დავდებ ჩავთვლი, რომ რაღაც გამიკეთებია“.

ნიკა ამაშუკელი ამბობს, რომ მსოფლიო თასის ქართველი ქომაგისგან მიღებულ სითბო განსაკუთრებულია.

„ბავშვების კომენტარებს ვნახულობ. წერენ, „მსაჯი მინდა გამოვიდე“. ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. ეს ძალიან სასიამოვნოა. ამას ძალიან ვაფასებ და ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ის რეაქცია, რომ არ გამოვჩნდი მეოთხედფინალსა და ნახევარფინალზე, რაც ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ „სად არის ნიკა და ნიკა იმსახურებდა“, ძალიან ძვირფასია“.


თუმცა ამავდროულად, ნიკა აცნობიერებს, რომ ქომაგების მსაჯისადმი დამოკიდებულება შეიძლება ძალიან მარტივად შეიცვალოს.

„მსაჯის ცხოვრება ძალიან რთული მომენტებით არის სავსე. ძალიან უსამართლოდაც კი. სოციალურ ქსელში თუ ხარ, სიკვდილის მუქარები მოგდის ძალიან ბევრი. სოციალურ ქსელს სწორედ ეს ახასიათებს. ხანდახან არის ძალიან მაღალი, ქება-დიდებით სავსე, მაგრამ არის დღეები, როდესაც ყველაფერი პირიქითაა. ვინ როგორ უმკლავდება წნეხს, ეს ძალიან ინდივიდუალურია. დიდი თამაშების მერე დიდ დროს, რა თქმა უნდა, ოჯახს ვუთმობ. ჩემს მეუღლესთან, ჩემს შვილთან ურთიერთობა ძალიან მეხმარება. ძალიან მგულშემატკივრობენ. ადამიანები თავიანთ დროსა და მხარდაჭერას რომ გამოხატავენ, ამას ძალიან ვაფასებ. ეს დიდი ფუფუნებაა“, – ამბობს ქართველი არბიტრი.

წარმატებული მსოფლიო თასის შემდეგ კი ნიკა ამაშუკელმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ის მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მზადაა პროგრესისთვის მეტი იმუშაოს.

„მინდა, რომ ამ მაღალ დონეზე დიდი ხანი ვიყო. ერთია, რომ მოხვიდე და თავი დაიმკვიდრო. მერე ამ სტანდარტის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, შემართება მაქვს. ვემზადები ჩემპიონთა თასისთვის. ასევე ვემზადები იანვრისთვის. უკვე მითხრეს, რომ ექვს ერზე მაქვს დიდი რანგის, დიდი მაგნიტუდის შეხვედრა. ამას კი ძალიან დიდი მზადება სჭირდება, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური, მენტალური, სტრატეგიული, ტაქტიკური. მსაჯის ცხოვრება ძალიან საინტერესოა, დეტალების მხრივ ძალიან მრავალფეროვანია და ყველა დეტალს უნდა დახვეწა“, – ამბობს ნიკა ამაშუკელი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend