საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს.
კომისიის გენერალური მდივანი სიმონა გრანატა-მენგინი ამბობს, რომ კომისია კი არ კარნახობს საქართველოს რა გააკეთოს, არამედ აძლევს რჩევებს.
„ჩვენ რეკომენდაციებში გარკვეულ წითელ ხაზებს ვნიშნავთ. ეს არის სტანდარტები, რომლებიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან. ეს რეკომენდაციები, რომლებიც გავეცით და რომლებსაც გავცემთ, უნდა დავინახოთ როგორც ერთი მთლიანობა“,- განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინიმ.
დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას მან თქვა, რომ კომისია არ უჭერს მხარს კონკრეტული პირების წინააღმდეგ კანონების მიღებას, არამედ მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ პროცესებში ფული არ უნდა იყოს ჩარეული.
„ფული არ უნდა ერეოდეს დემოკრატიულ პროცესებში და არ უნდა ცვლიდეს იმას, რაც სხვანაირად იქნებოდა, დემოკრატიული რომ ყოფილიყო“, – აღნიშნა მან.
ვენეციის კომისიის წევრ ეირიკ ჰოლმოვიკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩამოყალიბდეს ისეთ დამოუკიდებელ ორგანოდ, რომელსაც საზოგადოება ენდობა.
კომისიის წევრებმა ასევე თქვეს, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც კომისია გასცემს, მნიშვნელოვანია და რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა გამონახონ გზები მათ შესასრულებლად.
ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ასახულია ის კონკრეტული სფეროები, რომლებშიც საქართველოს მეტი მუშაობა სჭირდება. გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გააკეთოს მეტი დეზინფორმაციასთან ბრძოლის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის, პოლიტიკური პოლარიზაციის, სამართლიანი არჩევნების, საპარლამენტო ზედამხედველობის, დეოლიგარქიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა მიმართულებებით არსებული გამოწვევების დასაძლევად.