მთავარიევროპაუკრაინასაბრძოლო მოქმედებები ხერსონის ოლქში

საბრძოლო მოქმედებები ხერსონის ოლქში


უკრაინის არმია ხერსონთან, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ მხარეს, კვლავ ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. კიევი ახლა უკვე ოფიციალურად იუწყება, რომ ფრონტის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე წარმატებული საბრძოლო მოქმედებებია.

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, უკრაინულმა არმიამ მდინარე დნიპროდან 4 კილომეტრის მოშორებით დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ტერიტორიას ამ იერიშამდე რუსული ძალები აკონტროლებდნენ. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მიერ მომზადებული რუკის მიხედვით, ფრონტის ამ ნაწილზე, ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით, რუსეთის ძირითადი თავდაცვითი ზღუდე, ეგრეთ წოდებული სუროვიკინის ხაზი არ არსებობს.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყებიან, ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე, ავდიივკასთან, კვლავ გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. აქ 18 იერიში მოიგერია კიევმა. აქტიური საბრძოლო დაპირისპირებებია ბახმუტის მიმართულებითაც. ოფიციალური წყაროებით, საოკუპაციო ძალები დიდ სამხედრო დანაკარგს განიცდიან.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, შეიარაღება და ტექნიკა იყო მობილიზებული, 10 დარტყმა მიაყენა. განადგურდა რუსების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. ჩვენმა სარაკეტო ძალებმა კი იერიში მიიტანეს რუსულ არტილერიაზე, შეიარაღების საწყობებსა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ერთ დღეში მოწინააღმდეგემ დაკარგა 1330 სამხედრო მოსამსახურე, 11 ტანკი, 17 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 36 საარტილერიო საშუალება და 14 უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა ანდრიი კოვალოვმა.

რუსული საოკუპაციო ძალები კი აგრძელებენ სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. ოფიციალური მონაცემებით, დაიბომბა დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქები. დაზიანდა არაერთი საცხოვრებელი სახლი. უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, არის მსხვერპლიც. ამას გარდა, კიევის ცნობით, რუსული არტილერიის შედეგად 160 დასახლებული პუნქტი დაიბომბა. რუსულ იერიშებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეციალურმა შენაერთებმა გარკვეული საბრძოლო მოქმედებები განახორციელეს. კიევი ამ სამხედრო ოპერაციის ამსახველ კადრებსაც ავრცელებს. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, ფრონტზე ახალი მიმართულება, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი გააქტიურდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend