გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს ორგანოში დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეწყვიტოს ომი უკრაინაში და დაასრულოს რეპრესიები ქვეყნის შიგნით
სხდომის წევრებმა, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა დაგმეს უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცება, ომის დანაშაულები, რუსეთში მიღებული რეპრესიული კანონი სახელწოდებით “უცხოური გავლენის აგენტების წინააღმდეგ” და ამ კანონის შედეგად დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს რუსეთს. სხდომას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც განაწყენებული ჩანდნენ სანქციებისა და საერთაშორისო ფორუმებში რუსეთის მონაწილეობის შეზღუდვის გამო.
შეწყვიტეთ ომი უკრაინაში, მორჩით რეპრესიებს რუსეთში, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, დააბრუნეთ უკრაინიდან გატაცებული ბავშვები, შეწყვიტეთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა – ეს მოწოდებები ისმოდა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა სხდომაზე, სადაც დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებს მოსკოვში ჩასატან გზავნილებს მკაფიოდ ერთმანეთის მონაცვლეობით უმეორებდნენ.
„აზრისა და გამოხატვის, შეკრების თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ცენზურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სიტყვა „ომის“ გამოყენებაზე, მზარდი რეპრესიები, შემზღუდავი კანონმდებლობის დრამატული გაფართოება და ანტი ლგბტქ+ კანონების მიღება – ეს ხდება ახლა რუსეთში და ეს ყველაფერი შემაშფოთებელია“, – ანა ჯარდფელტი, შვედეთის ელჩი.
„გაერთიანებული სამეფო, რეკომენდაციას აძლევს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია რუსეთში. დააბრუნოს გატაცებული თითოეული ბავშვი. გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები, მაგალითად, ალექსეი ნავალნი. გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს სასტიკი მეთოდებით ჩაახშოს ომის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები”, – საიმონ მანლი, გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მთავრობის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ქვეყნის შიგნით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლას. კრემლის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევამ და ამ დარღვევების გამო დაუსჯელობამ პირდაპირ გამოიწვია აგრესია და სისასტიკე რუსეთის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვურჩევთ რუსეთს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მათ შორის ისინი, ვინც ომის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებზე დააკავეს. გააუქმონ რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას. შეწყვიტონ ომი უკრაინაში. დააბრუნონ რუსეთში გატაცებული უკრაინელი ბავშვები უკრაინაში, საკუთარ სახლებსა და ოჯახებში“, – მიშელ ტეილორი, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში.
„ადამიანის უფლებების დაცვას სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში. რუსეთის მიერ ქვეყნის გარეთ ომი და ქვეყნის შიგნით რეპრესიები თანმიმდევრულად ვითარდება. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება – ეს უფლებები ახლა რუსეთში შეზღუდულია. ირლანდია რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაშინება, დევნა, დაკავება, ძალადობა და ადეკვატურად გამოიძიონ ძალადობის თითოეული ფაქტი, მათ შორის ლგბტქ+ პირების მიმართ განხორციელებული სიძულვილის დანაშაული“, – ნოელ უაიტი, ირლანდიის ელჩი.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ადამიანის უფლებების მიმდინარე და ფართოდ გავრცელებული დარღვევით რუსეთში. ამ დარღვევების რაოდენობა შემაშფოთებლად გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ“, – რუმინეთის წარმომადგენელი.
აი, ამას ისმენდნენ რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ. როგორც გაირკვა, რუსეთის სახელმწიფო მდივანი, რომელიც ამ სხდომას ესწრებოდა, უკმაყოფილოა სანქციების დაწესების გამო და საერთაშორისო ფორუმებში რუსეთის სახელით მონაწილეების შეზღუდვის მიზეზს, ჯერ კიდევ ვერ ხვდება.
„როცა ხაზს ვუსვამ ჩვენი ქვეყნის მიღწევებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ სირთულეებზე, რომლებსაც ვაწყდებით. უპრეცედენტო ზეწოლა სანქციებით, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში ჩვენი მონაწილეობის დაუსაბუთებელმა შეზღუდვამ ჩვენი ქვეყანა მრავალმხრივი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ერთ-ერთი ადამიანის უფლებათა დაცვაა“, – ანდრეი ლოგინოვი, რუსეთის სახელმწიფო მდივანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
„გასულ წელს რუსეთში ახალი კანონი მიიღეს, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი პირების საქმიანობის მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. კანონს სახელწოდებით „უცხოური აგენტების კანონი“ ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ის არა მხოლოდ უბრალოდ დაფინანსების კონტროლს მოიცავს, არამედ აკონტროლებს საგარეო გავლენას რუსეთში“, – რუსეთის წარმომადგენელი.
გაეროს სხდომას ესწრებოდა უკრაინის წარმომადგენელი, რომელმაც რუსეთს უკრაინის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაუმეორა.
„ერთი წუთი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ წარმოგიდგინოთ საერთაშორისო სასამართლოების ბრძანებები და ორდერები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებათა უხეში და სისტემატური დარღვევისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის უტყუარ მტკიცებულებებს წარმოადგენს. მიზანმიმართული თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მკვლელობები, წამებისა თუ გაუპატიურების ფაქტები, დეპორტაცია, დანაშაულის დაუსრულებელი სიის გამო რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს. ეს მკაფიო გზავნილი მოსკოვში უნდა ჩაიტანოს აქ მყოფმა დელეგაციამ, აგრესორი სახელმწიფოს დელეგაციამ. ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნებს: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გაიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და დაემორჩილოს გაეროს წესდებას“, – ევჰენია ფილიპენკო, უკრაინის ელჩი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებში შიშის დანერგვისა და მათზე ძალადობასთან ერთად აქტიურად იყენებს კანონმდებლობას იმისათვის, რომ შეზღუდოს ყველაფერი განსხვავებული.