მთავარიკუბირუსულმა სახელმწიფო მედიამ წაშალა ცნობა ხერსონის ოლქში ჯარების უკან დახევის შესახებ

რუსულმა სახელმწიფო მედიამ წაშალა ცნობა ხერსონის ოლქში ჯარების უკან დახევის შესახებ

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა, “რია ნოვოსტიმ” და “ტასმა“, გამოაქვეყნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურზე დაყრდნობით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურებმა გადაწყვიტეს ხერსონის ოლქში ჯარების „გადაჯგუფება მდინარე დნიპროს აღმოსავლეთით, უფრო მომგებიან პოზიციებზე“, თუმცა ეს სტატიები სააგენტოების ვებგვერდზე აღარ არსებობს და ანულირებულია.

თავდაპირველ ცნობაში ეწერა, რომ რთული სიტუაციის შეფასების შემდეგ,  „დნეპრის“ სარდლობამ ადგილზე გადაწყვიტა, გადაისროლოს ჯარი, რის შემდეგადაც დაჯგუფება „დნეპრი“ გაათავისუფლებს ძალების ნაწილს, რომლებიც შემდგომ შეუერთდებიან თავდასხმის ხაზებს სხვადასხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ტერმინ „გადაჯგუფებას“ რუსული მედია და თავდაცვის უწყებები იყენებენ, როდესაც რუსული ჯარების უკან დახევას შეეხება საკითხი, როგორც მოხდა გასულ წელს, როდესაც ხერსონის დატოვება დაიწყეს საოკუპაციო ძალებმა.

ინფორმაციის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ათ წუთში, ცნობა წაიშალა და განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მანამდე გავრცელებულ ცნობას პროვოკაცია უწოდა.

ერთი წლის წინ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი და რუსეთის ჯარი იძულებული გახდა უკან დახეულიყო და გამაგრებულიყო მდინარე დნიპროს მარცხენა, აღმოსავლეთ სანაპიროზე ხერსონის ოლქში.

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმია ცდილობს გამაგრდეს მდინარის მარცხენა სანაპიროზე ახალ პოზიციებზე.

ამასთან დაკავშირებით ლაპარაკობს ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტიც, რომლის ინფორმაციით, უკრაინულმა სარდლობამ დამატებითი ძალები გადაისროლა მარცხენა სანაპიროზე დასახლება კრინკთან.

რუსი სამხედრო ბლოგერები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ რუსეთის ჯარი შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო უკრაინის სამხედრო ძალის შევიწროებას კრინკში, ხოლო უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ შეტევას.

ოფიციალური უკრაინული მხარე დეტალებზე არ საუბრობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend