მთავარისაქართველო„ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას“ - სალომე...

„ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას“ – სალომე ზურაბიშვილი

„გილოცავთ! გილოცავთ ჩემო თანამემამულეებო, გილოცავთ აქ, საქართველოში და თქვენ, ვინც საზღვრების მიღმა ხართ. გილოცავთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს“, –  სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ორბელიანების სასახლიდან მიმართა.

ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.  მათ პრეზიდენტთან ერთად იზეიმეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაცია.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ომის, ოკუპაციისა და სხვა ზეწოლის მიუხედავად ხალხმა თავისი გზა აირჩია: „ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო, ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა. ყველას დღეა. ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს აქ არიან სინამდვილეში, ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. მინდა წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი, მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად“.

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას ასევე გააცნო ახალი ინიციატივა „ჩვენი ხმა ევროპას“, რომლის ფარგლებშიც მიმართავენ ევროპელ ლიდერებს, მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება“,- წერია მიმართვის ტექსტში.

ორბელიანების სასახლიდან საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა. მათ ქართველ ხალხს მიულოცეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend