მთავარიმსოფლიო"შიმშილის თამაშების" პრემიერა

“შიმშილის თამაშების” პრემიერა

სულ ცოტა დრო, ზუსტად 10 დღე რჩება მანამ, სანამ შიმშილის თამაშები ეკრანებს დაუბრუნდება. ბერლინში კი უკვე გაიმართა ფილმის დახურული ჩვენება, რომელსაც ფილმის მსახიობები ესწრებოდნენ. ფილმის რეჟისორმა და მთავარი პერსონაჟების შემქმნელებმა დახურული ჩვენების დროს მედიასთან კომენტარები გააკეთეს და მაყურებელს ფილმისადმი თავიანთი დამოკიდებულება გაანდეს. მსახიობები ამბობენ, რომ ფილმში მონაწილეობამდე ისინი თავად იყვნენ გულშემატკივრები და “შიმშილის თამაშების” წიგნებს მთელი ბავშვობის განმავლობაში კითხულობდნენ. მსოფლიოში “შიმშილის თამაშების” ერთგული მაყურებელი სულ მალე იხილავს მისთვის საყვარელ და უცნობ პერსონაჟებს.

‌კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პანემში, იქ სადაც 13 რაიონია და თითოეული რაიონი კონკრეტულ რესურსზეა პასუხისმგებელი. “შიმშილის თამაშების” ერთგული მაყურებელი სულ მალე იხილავს პანემის ხალხის ტრადიციას, ანუ ფილმის სიუჟეტს, რომლის ფარგლებშიც 12-იდან 18 წლამდე გოგონები და ბიჭები ყოველწლიურ სატელევიზიო ღონისძიებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. თამაშში გამარჯვება ძალიან რთულია, თითოეული მონაწილე ბოლომდე იბრძვის, გამარჯვებული კი მხოლოდ ერთია…. დანარჩენები შიმშილის თამაშებს ცოცხლები ვერ ტოვებენ, შესაბამისად, ეს ბრძოლა გადარჩენისთვის არის.

“ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე”, – ასე ჰქვია “შიმშილის თამაშების” ახალ ფილმს, რომლის მსოფლიო პრემიერაც 17 ნოემბერს არის დაგეგმილი. ახალი ფილმი შიმშილის თამაშების ერთგვარი წინა ისტორიაა, სადაც ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობას ვიხილავთ.

“მე შიმშილის თამაშების დიდი გულშემატკივარი ვიყავი. კეტნისის მსგავსად ვიცვამდი და კინოთეატრში ფილმის სანახავად ასე მივდიოდი ხოლმე. ასევე ჩვენი რეჟისორის დიდი გულშემატკივარი ვარ. დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა”, – რეიჩელ ზეგლერი, მსახიობი.

“იმედი მაქვს, მაყურებელი შეამჩნევს, რისი გადმოტანაც წიგნიდან ფილმში ვცადე. ისინი სიუზან კოლინსის ურთულესი პერსონაჟები არიან. ის კაცობრიობისა და საზოგადოების შესახებ ძალიან საინტერესოდ წერს და თან გასართობად. იმედი მაქვს, მაყურებელი ამ ყველაფრით ისიამოვნებს”, – ტომ ბლიტი, მსახიობი.

შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც სიუზენ კოლინზმა, ამერიკელმა მწერალმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა 3 მილიარდ დოლარამდე გამოიმუშავა.

„იცით, რა მიყვარს ამ მოთხრობებში ყველაზე მეტად? სიუზენ კოლინზი წერის დროს მისი ნამუშევრის გარშემო ისტორიასაც ქმნის. ვფიქრობ, 2016 წელს მან პოლარიზაცია დაინახა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოში. უნდოდა შეექმნა ამბავი ადამიანებზე. ბუნებრივად ბრუტალურები და ველურები ვართ? თუ ვიმსახურებთ თავისუფლებასა და სხვა უფლებებს. ჩვენი პერსონაჟები და ამ სიუჟეტის განვითარება მაყურებელს დააფიქრებს”, – ფრენსის ლოურენსი, რეჟისორი.

17 ნოემბერს 8-წლიანი პაუზის შემდეგ მაყურებელი “შიმშილის თამაშების” ახალ ფილმს ეკრანებზე იხილავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend