მთავარისაქართველოსაქართველოს ევროკავშირის დელეგაცია სტუმრობდა ევროკომისიის შეფასებამდე ერთი დღით ადრე

საქართველოს ევროკავშირის დელეგაცია სტუმრობდა ევროკომისიის შეფასებამდე ერთი დღით ადრე

საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაცია ესტუმრა. გაფართოებული და დახურული ფორმატის შეხვედრაზე ევროპულმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა, ძირითადად, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის მნიშვნელობასა და საქართველოს მხრიდან აუცილებლად გასატარებელი რეფორმების გაგრძელებაზე ისაუბრეს. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი მყარი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკომისიის მიერ შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე. საუბარი გვქონდა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით მოლოდინებზე, თუმცა მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ საქართველოს როლზე, ასევე აბრეშუმის გზის მეშვეობით ევროპისა და აზიის დაკავშირებაზე. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება. იმედია, ფორმატები, რომლებიც, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობით არის გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში, დაეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ორ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო არის მოლოდინში, ასევე არის ქვეყნები, რომლებსაც ჯერ განაცხადი არ აქვთ. ამიტომ, ეს ფორმატიც საინტერესოა, რათა, ერთი მხრივ, გამოცდილება მივიღოთ სხვებისგან, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყოთ ამ გამოცდილების გამზიარებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ამ უმაღლესი დონის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, თქვეს, რომ ევროპულ დელეგაციასთან ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იმის მიუხედავად, თუ როგორ შეასრულა მოთხოვნები „ქართული ოცნების“ გუნდმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ერთ დღეში ველით ევროკომისიის შეფასებას. ვიტყვი, რომ ევროკავშირს ნამდვილად სურს დადებითი გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. იმის მიუხედავად, რა გააკეთა და არ გააკეთა პრორუსულმა ხელისუფლებამ. დიდი იმედი გვაქვს, რომ  „ქართული ოცნების“ მხრიდან საბოტაჟის მიუხედავად, რომელიც ღიაა და ყველაფერს ვხედავთ, ხვალინდელი გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ევროკომისია რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ შეფასებით ანგარიშს გამოაქვეყნებს. კანდიდატის სტატუსის მონიჭების საბოლოო გადაწყვეტილებაზე ტექნიკურად სწორედ ეს დოკუმენტი მოახდენს შთაბეჭდილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებზე. თუმცა საქართველოში პოლიტიკოსების ნაწილს, მათი თქმით, შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო ევროკომისიის შესაძლო კრიტიკული შეფასების მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი უფრო აქვს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend