მთავარიგადაცემებიოკეანეევროკავშირის საპატრულო გემი ადრიატიკის ზღვაში თევზაობის წესებს იცავს

ევროკავშირის საპატრულო გემი ადრიატიკის ზღვაში თევზაობის წესებს იცავს

გადაცემა „ოკეანის“ ამ ეპიზოდში „ევრონიუსი“ საპატრულო გემ „ოკეანის გუშაგის“ ბორტიდან მოგვითხრობს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ევროკავშირის წვერი სახელმწიფოები და სახელმწიფო სააგენტოები ერთიანი ძალისხმევით თევზაობაზე დაწესებული რეგულაციების აღსრულებას ადრიატიკის ზღვაში.

ხმელთაშუა ზღვა ერთ-ერთი ის ადგილია დედამიწაზე, სადაც  თევზს ჭარბად იჭერენ. მისი მომავალი დამოკიდებულია ყველა იმ მეთევზეზე, რომლებიც თამაშის წესებს იცავენ და თევზს ეკოლოგიური მეთოდებით იჭერენ. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის კონტროლი თვალუწვდენელ ზღვაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებით არის დასერილი?

„ოკეანის გუშაგი“ არის გემი, რომელსაც ევროპის მეთევზეობის მარეგულირებელი სააგენტო  – EFCA-ი  მართავს და რომელიც ადრიატიკის ზღვის საერთაშორისო აკვატორიაში, იტალიასა და ხორვატიას შორის პატრულირებს.

რესურსებისა და ცოდნის გაზიარება

მესაჭის ჯიხურში   ანდრეა პატალანო, EFCA-ის  კონტროლის ოპერაციების კოორდინატორი გვეუბნება, რომ ინსპექციის გუნდთან დილის ბრიფინგისთვის ემზადება.

„რაში გვჭირდება ევროკავშირის საპატრულო გემი? იმისთვის, რომ ის საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, აქ საკუთარი ინსპექტორები ჰყავდეთ,“ – განმარტავს ანდრეა პატალანო. „ამ გზით ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს, საუკეთესო პრაქტიკას და ინსპექტირებისა და კონტროლის ერთიან მიდგომას ვაყალიბებთ.“

ანდრეასა და კიდევ ერთი იტალიელი ინსპექტორის გარდა, გუნდის შემადგენლობაში შედიან დრონის პილოტი და მეთევზეობის ორი ინსპექტორი ხორვატიიდან.

„ეს ძალიან კარგი შერეული გუნდია. ჩვენ ერთმანეთს ვუცვლით გამოცდილებასა და ვთანამშრომლობთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადრიატიკის ზღვა სხვადასხვა ქვეყანას ეკუთვნის,“- ამბობს დომაგოი ბოიკო, მეთევზეობის ინსპექტორი ხორვატიის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ამ დილით ჯერ ამ ორ სათევზაო ბარჟას შეამოწმებენ, რომლებიც გვერდი-გვერდ მუშაობენ. ინსპექტორები რადიოთი მიმართავენ მეთევზეებს, რომ გაემზადონ. ყველაფერი გასაგებია და არავინ აპროტესტებს. მცირე ხნის შემდეგ „ოკეანის გუშაგიდან“ გადის კატარღა, რომელსაც ინსპექტორთა გუნდი სათევზაო ბარჟებისკენ მიჰყავს ღია ზღვაში.

ეს მეთევზეები, რომელთაგან უმეტესობა ერთი ოჯახის წევრია, ქაფშიებსა და სარდინებს იჭერენ, რათა შემდეგ გაყიდონ გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. კაპიტანი დარიო ლაკინის ინსპექტირება არ ადარდებს – ეს ხომ, ფაქტობრივად, მათზე ზრუნვას ნიშნავს.

„ჩვენ  საოჯახო საქმე გვაქვს, ამიტომ ჩვენი რეპუტაცია და პროდუქცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“ – განმარტავს  დარიო. „ჩვენ ახალგაზრდები ვართ და მომავალზე ვზრუნავთ. ასეთი რეგულარული ინსპექციების წყალობით ყველა უფრო მეტად იცავს წესებს, რის შედეგადაც უკეთესი ნადავლი გვაქვს“.

ინსპექტორთა საქმიანობას ის სირთულე ახლავს თან, რომ ერთი ნავიდან მეორეზე გადადიან გაშლილ ზღვაში, რაც კიდევ უფრო რთულია ცუდ ამინდში. თუმცა დღეს ინსპექტირება მშვიდად მიმდინარეობს და დოკუმენტების შემოწმებით იწყება. ყველაფერს ამოწმებენ, თევზაობის ლიცენზიით დაწყებული და  ზოგადი ანგარიშგებით დამთავრებული.

„აქ იმისთვის არ ვართ, რომ ეს ხალხი მოვახრჩოთ. ეს უფრო პრევენციას ემსახურება,“ – ამბობს ნიკოლა ბავილა, თევზაობის ინსპექტორი იტალიის სანაპირო დაცვიდან. „წლების განმავლობაში მეთევზეთა უმეტესობა ამას მიხვდა. ისინი მზად არიან ინსპექციისთვის და, რაც მთავარია, თევზაობის სტანდარტს იცავენ.“

ნიკოლა ბავილა და მისი ხორვატიელი კოლეგა დომაგოი ბოიკო ადასტურებენ, რომ სათევზაო ბადის ზომა დაშვებულ ზღვრებში ჯდება.

„ამ შემთხვევაში ინსპექცია წარმატებული გამოდგა. სათევზაო ბარჟის კაპიტანმა კარგად ითანამშრომლა ჩვენთან. სათევზაო ხელსაწყოებიც და ნადავლის რაოდენობაც, ევროპის რეგულაციებს შეესაბამებოდა,“ – ამბობს ნიკოლა.

დოკუმენტების, სათევზაო ხელსაწყოების, ნადავლისა და მონიტორინგის სისტემების შემოწმების შემდეგ ჯგუფი ისევ „ოკეანის გუშაგზე“ ბრუნდება ანგარიშგებისთვის. მათ კიდევ 12 დატვირთული დღე და უამრავი მსგავსი ინსპექტირება აქვთ წინ. ეს ყველაფერი კი ადრიატიკის ზღვაში იმ მრავალმიზნობრივი საზღვაო ოპერაციების  ნაწილია, რომელიც ევროპულ ქვეყნებს შორის თევზაობის კონტროლისა და სანაპირო დაცვაში შემავალი სხვა ვალდებულებების კუთხით თანამშრომლობის წახალისებას ემსახურება.

ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კავშირის გაძლიერება, რესურსების თავმოყრა და ცოდნის გაცვლაა, რათა მეთევზეობის სექტორის კონტროლის კუთხით ყველა ნაპრალი ამოივსოს.

მთელ ოპერაციას ევროპის მეთევზეობის მარეგულირებელი სააგენტოს სათავო ოფისი ესპანეთის ქალაქ ვიგოდან მართავს და ის გუნდური მუშაობის მაგალითია. სააგენტოსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო  EMSA და და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ი.

როდესაც საქმე თევზაობის კონტროლს ეხება, ამ სააგენტოებსა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის მონაცემთა გაცვლა ძალიან წაადგება საბოლოო მიზანს. ამის წყალობით ნულამდე დავა იმ სათევზაო ბარჟების რაოდენობა, რომლებიც წესებს არღვევენ.

სუზან სტილი, EFCA-ის აღმასრულებელი დირექტორი:

“ნებისმიერი ჩვენგანისთვის შეუძლებელია, რომ ყველა ბარჟა შეამოწმოს. რაც ყველა წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, არის ის, რომ ინსპექციების დროს გვინდა ზუსტად განვსაზღვროთ, რა რისკების წინაშე დგანან ბარჟები. ეს კი ერთად მუშაობით შეგვიძლია. ასევე გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კონტროლის ყველაზე იაფ და ეფექტურ მეთოდებს ვიყენებთ.“

„სამუშაო კიდევ ბევრია“

ამ სააგენტოებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მაგალითები თავად გემ „ოკეანის გუშაგზე“ გვხვდება.  EMSA-ის კონტეინერი სავსეა ნავთობის გაჟონვის დროს საჭირო ხელსაწყოებით და თუ ახლომახლო წყლის დაბინძურების შემთხვევა იქნება, გუნდი მზადაა მის აღმოსაფხვრელად. EFCA-ის  თვითმფრინავი ზღვის ფართო აკვატორიას ზვერავს,  Frontex-ის გემები კი ხორვატიის სანაპიროს უთვალთვალებენ.

თითოეული ინსპექცია კი EMSA-ის  დრონს ეყრდნობა. დრონი მაღლიდან აკვირდება სათევზაო ბარჟების ადგილსამყოფელს ისე, რომ მეთევზეები არ დააფრთხოს.

„როგორც წესი, სამიზნე ბარჟა ვერ ხვდება, რომ ჰაერშია დრონი,“ – გვიხსნის ენდრიუ იორგენსენი, RPAS-ის პილოტი, Nordic Unmanned-ის დრონის პილოტი. „ის ძალიან ჩუმია და შეუძლია სურათი 30-ჯერ გაადიდოს.  ასე რომ, თუ მეთევზეები რაღაცას გააკეთებენ,  მაგალითად, უნდათ რომ გადააგდონ ბორტიდან ნადავლი ამ რამე ნივთი, ამას დრონით დავაფიქსირებ.“

კიდევ ერთი იტალიური სათევზაო გემი ამოვიღეთ მიზანში. ის ფსკერზე ბადის გაშლით მეთოდით თევზაობს და განურჩევლად იჭერს კამბალასა თუ ფსკერის სხვა ბინადართ. თევზაობის ამ მეთოდს გარემოსდამცველები ხშირად აკრიტიკებენ. თუ ისინი მკაცრ განაწესს დაარღვევენ, ამას ძალიან სერიოზული უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

საერთო მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპულმა გუნდმა შეაფასა რისკები და ეს ბარჟა პრიორიტეტული ინსპექტირებისთვის შეარჩია.

მათი ეჭვი საფუძვლიანი გამოდგა. ამ გემზე არც ნადავლის შესახებ მიმდინარე ანგარიშგება აღმოჩნდა და მისი მონიტორინგის სისტემაც ხარვეზიანი იყო. ვერც ბადემ გაიარა ტესტირება: მისი  ფოსოები ძალიან ვიწროა და თან ძალიან სქელი თოკით არის ნაქსოვი, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

„ამის შემდეგ ეროვნული ხელისუფლება წარმართავს პროცესს, რომლის ფარგლებშიც ამ ბარჟას უკან, პორტში, გაიხმობენ  და შესაბამის ზომებს გაატარებს ის სახელმწიფო, რომლის დროშის ქვეშაც ბარჟა დაცურავს. ეს გულისხმობს ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ნადავლის კონფისკაციას და არალეგალური საჭერი მოწყობილობის ამოღებას ბორტიდან,“  – განმარტავს EFCA-ის ოპერაციების კონტროლის კოორდინატორი ანდრეა პატალანო.

მხოლოდ გასულ წელს ევროპის მეთევზეობის მარეგულირებელმა სააგენტომ დაახლოებით მეთევზეთა 50 ათას ინსპექტირებას გაუწია კოორდინაცია მთელ ევროკავშირში, რომლის ფარგლებშიც 5 ათასზე მეტი დარღვევა აღმოაჩინა. თუმცა კანონმორჩილი მეთევზეების რაოდენობა, როგორც ჩანს, იზრდება.

„ თანდათან უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ წესების დაცვა ყველასთვის სასარგებლოა, პირველ რიგში, თავად მეთევზეებისა და სანაპიროს მოსახლეობისთვის. სამუშაო ჯერ კიდევ არის და სწორედ ამას ვაკეთებთ აქ,“ – ამბობს ანდრეა.

თანამშრომლობის გაუმჯობესებას კონტროლის გაუმჯობესებაც მოჰყვება შედეგად, რაც იმის გარანტიაა, რომ თევზი ზღვაში ხვალაც იქნება.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend