მთავარისაქართველოქართველი ტანკისტები

ქართველი ტანკისტები

ვაზიანში, მე-11 სასროლეთზე ჯავშანსატანკო სწავლება გაიმართა
სცენარის მიხედვით, თავდაცვით ზღუდეზე სატანკო დანაყოფი იყო გამაგრებული, ქართული ტანკები სპეციალურად იყო შენიღბული. პირობითი მოწინააღმდეგის პირდაპირი ცეცხლისაგან მათ სპეციალური თხრილიც იცავდა.

თავდაცვითი ხაზიდან მოწინააღმდეგეს თავდაპირველად სწორედ სანგრებიდან გაუხსნეს ცეცხლი. მეოთხე ქვეითი ბრიგადის შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ასეულის დონის ამ სწავლებაში 15 ტე-72 ტიპის საბრძოლო ტანკი და 9 ქვეითთა საბრძოლო მანქანა მონაწილეობდა.


პირობითი სცენარის მიხედვით, ჩასანგრებულ ტანკებს მოწინააღმდეგესთან გამკლავება გაუჭირდა

როგორც მოსალოდნელია, პირობითი მოწინააღმდეგე თავდაცვით პოზიციებს დიდი ძალით უტევს. ამ დროს საჭიროა დამატებითი ძალების მობილიზება.

სწავლების მომდევნო ეტაპზე ფლანგებიდან ბრძოლაში სხვა სატანკო ქვედანაყოფები ჩაერთნენ. თუ ზოგადად შეიარაღებულ დაპირისპირებებს გავითვალისწინებთ, მოწინააღმდეგის ძლიერი ჯავშანსატანკო შეტევის შესაჩერებლად თავდაცვის ხაზიდან სატანკო და ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან კონტრიერიშის დროულ დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს.


ფლანგებიდან კონტრიერიში სამხედრო მოქმედებების დროს გამართლებული ტაქტიკაა. მოწინააღმდეგისთვის უცნობი პოზიციიდან ცეცხლის გახსნით შემტევი დანაყოფის ჯავშანტექნიკის შეჩერებაა შესაძლებელი. თავდაცვითი მოქმედების დროს ყველა ტიპის ტექნიკა ერთმანეთთან შეთანხმებით უნდა მოქმედებდეს.


რეალური საბრძოლო მოქმედებების დროს სატანკო იერიშს, როგორც წესი, თან ახლავს არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერა.

რეალური საბრძოლო მოქმედებების დროს ტანკები გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობენ და მუდმივად ხსნიან ცეცხლს. ამ იერიშის დროს შესაძლოა ქვეითი ძალაც მონაწილეობდეს.

მსოფლიოში არსებული საბრძოლო დაპირისპირებების მიმდინარეობას თუ დავაკვირდებით, ჯავშანსატანკო იერიში ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკაა, რომელსაც ომში ჩართული მხარეები მიმართავენ.

როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას აცხადებენ, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ასეთი სწავლება ყოველ სამ თვეში იმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend