თურქეთი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს ზეიმობს, პირველ მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით ანკარამ შეძლო ერის კონსოლიდაცია და ძლიერი, სეკულარული სახელმწიფოს შექმნა. დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკაა ევროკავშირში გაწევრების კანდიდატი და ნატოს წევრი ქვეყანა. თურქეთის რესპუბლიკა გახლავთ ასევე საქართველოს ერთადერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელთანაც საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დასრულებულია. თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები უკვე 31 წელიწადს ითვლის და ანკარა ყოველთვის იყო საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთერთი.
აქვე ვიტყვით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და შაჰდენიზის გაზსადენი გახლავთ იმ დიდი გეოპოლიტიკური პროექტების სამეული, რომელიც საქართველოს როგორც შუა დერეფნის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს როლს უსვამს ხაზს და ამავე დროს წარმოადგენს ანკარასა და თბილისს შორის პარტნიორობის მკაფიო მაგალითს. თურქეთის რესპუბლიკის შესახებ სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ მოიწვია საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ჯიპას პროფესორი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე.