მთავარიევროპაუკრაინაავდიივკაზე შტურმი გრძელდება

ავდიივკაზე შტურმი გრძელდება

რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ დონეცკის ჩრდილოეთში არსებული დასახლების ალყაში მოქცევას. გარკვეულწილად, მათ ეს შეძლეს.  “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ავრცელებს  ინფორმაციას, რომ დასახლება ავდიივკა რუსების მიერ სამი მხრიდან არის ცეცხლში გახვეული. ეს დასახლება ბახმუტის სამხრეთით მდებარეობს. ფრონტის ამ ხაზზე ადრე „ვაგნერის” დაქირავებული მეომრები  იბრძოდნენ, ახლა კი რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები ცდილობენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.
სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავდიივკაზე შტურმის დროს კრემლმა  მორიგი მოიერიშე თვითმფრინავიც დაკარგა.  უკრაინული არმიის სხვადასხვა დანაყოფი აქვეყნებს არაერთ ვიდეოკადრს, რომლებშიც  უამრავი განადგურებული რუსული ტექნიკა ჩანს. შტურმის დროს რუსულ დანაკარგზე რუსი ბლოგერებიც საუბრობენ. უკრაინის არმიის პრესსპიკერის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებს ასეულობით რუსი ოკუპანტი ეწირება.
ავდიივკაზე რუსი ოკუპანტების იერიშმა თეთრი სახლის ყურადღებაც მიიპყრო. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, კრემლი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ბრძოლის ველზე გარკვეულ უპირატესობას მიაღწიოს.
“ველოდებით, რომ რუსეთი არ შეაჩერებს თავდასხმებს. ეს დინამიკური კონფლიქტია და უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს კვლავ აქვს შესაძლებლობა, შეტევა გააგრძელოს და მომდევნო თვეებში ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწიოს. ამისთვის კრემლი  როგორც ავდიივკაში, ისე ფრონტის სხვა მიმართულებაზე საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლესაც არ იშურებს.  ჩვენი აზრით, ავდიივკაზე შეტევის დროს მათ დიდი დანაკარგი განიცადეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ პირდაპირ სიკვდილით სჯიან იმ სამხედროებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მეთაურთა დავალებებს. ასევე რუსი მეთაურები მთელ დანაყოფს ემუქრებიან, რომ დასჯიან  სიკვდილით, თუ ისინი უკრაინული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ბრძოლაზე უარს იტყვიან”, – აღნიშნავს ჯონ კირბი.
სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში  რუსული სარაკეტო კომპლექსების ერთ-ერთი პოზიცია დაიბომბა. რუსი სამხედრო ბლოგერები დაშავებულების შესახებაც იუწყებიან.  შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. როგორც ცნობილია, უკრაინას შორი მოქმედების სარაკეტო იერიშების ახალი შესაძლებლობა მას შემდეგ  გაუჩნდა, რაც კიევს ახალი სარაკეტო კომპლექსები „ატაკამსები” გადაეცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend