მთავარიმსოფლიოაშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა იძაბება

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა იძაბება

ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ეტაპობრივად იძაბება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს ისრაელს გადამწყვეტ დახმარებას, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკა უჭერს მხარს “ჰამასს”. ირანელი გენერლის თქმით, ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის წამოწყების შემთხვევაში ისრაელის არმია იქ დაიმარხება, პენტაგონი კი ირანს აფრთხილებს, რომ ისრაელის პარტნიორებზე თავდასხმა არ ღირს. თეირანსა და ვაშინგტონს შორის ვითარება იძაბება. ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს უჭერს მხარს, ირანის ისლამური რესპუბლიკა კი “ჰამასს” უმაგრებს ზურგს.

ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური ამბობს, რომ ღაზის სექტორში სამხედრო სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ისრაელის არმია დაიმარხება.

ჰოსინ სალამი, ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური: “ისრაელს დაბომბვის გარდა მეტი არაფერი შეუძლია. სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გაბედავენ თუ არა, ისინი განადგურდებიან, ღაზის დრაკონი მათ მოსპობს. მოსეს დრაკონი დაასრულებს მათ. ღაზის სექტორში ფეხს დადგამენ თუ არა, ისრაელელი ჯარისკაცები დაიხოცებიან, ისრაელის არმია ღაზის სექტორში დაიმარხება”.

პენტაგონში კი აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეებსა და საკუთარ სამხედრო ბაზებს ყველა გზით დაიცავენ.

გენერალი პიტ რაიდერი, პენტაგონის პრესმდივანი: “ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილი და აღჭურვილი სამხედრო შენაერთები პროვოკაციულად იქცევიან. ჩვენ მზად ვართ ვითარების ესკალაციისთვის, ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერისთვის და ყველას შესაბამის პასუხს გავცემთ. მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თავდაცვის უფლება ჩვენი უფლებაა”.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კი ისრაელისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენლებმა კონფლიქტის გაღვივებაში ერთმანეთს დასდეს ბრალი.

ამირ საედი ირავანი, გაეროში ირანის ისლამური რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი: “ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ისრაელისადმი გამოწვევაა, ვინაიდან ამ გზით ვაშინგტონი ძალადობასა და ადამიანების ჩაგვრას უჭერს მხარს. ვაშინგტონმა ვითარება კიდევ უფრო მეტად ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევის დაწყებით გამოიწვია და ამერიკის შეერთებული შტატების ხელი ამიტომაც ურევია ღაზის სექტორში ადამიანთა მკვლელობაში”.

გილად ერდანი, გაეროში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი: “ისრაელი ადამიანებს არ ებრძვის, ისრაელი ურჩხულებს ებრძვის. ჩვენი მიზანი “ჰამასის” განადგურებაა და ამ მიზნით ჩვენს ხელთარსებულ ყველა იარაღს გამოვიყენებთ. ეს არა შურისძიების მიზნით, არამედ მომავალში ისრაელის მოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილებისთვის ხდება. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში, სირიასა და ერაყში მყოფ მცირე ამერიკულ სამხედრო კონტინგენტებზე რაკეტებითა და სამხედრო დრონებით იერიში საერთო ჯამში 16-ჯერ მიიტანეს, შედეგად 21 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend