მთავარისაქართველოთბილისში ,,აბრეშუმის გზის ფორუმი" იმართება

თბილისში ,,აბრეშუმის გზის ფორუმი” იმართება

26 და 27 ოქტომბერს თბილისი რიგით მე-4 „აბრეშუმის გზის“ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა და მისი მიზანი აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებისთვის სადისკუსიო პლატფორმის შექმნაა, რათა მათ თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილონ.

წლევანდელ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის არიან ქვეყნების მთავრობის მეთაურები, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა უწყებების თანამდებობის პირები. ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მედიების წარმომადგენლები.

ორი დღის განმავლობაში ფორუმის ფარგლებში სულ ათი თემატური პანელი გაიმართება. შუა დერეფნის მზარდი როლი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარება, ფინანსური სექტორი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და სხვა. სწორედ ამ საკითხების განხილვას დაეთმობა პანელური დისკუსიები. ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ სესიებს მოდერატორობას BBC-ის, Bloomberg-ის, Deutsche Welle-სა და სხვა საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები გაუწევენ.

ფორუმი დევიზით „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, სადაც მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებაც ისაუბრა.

ფორუმს ესწრებიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები: ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი.

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი. მასთან ერთად ფორუმს ესწრებიან აშშ-ის ბიზნეს-სექტორისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც.

წარსულში “აბრეშუმის გზის ფორუმი” საქართველოში 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდა.

წლევანდელი ფორუმი ჩინეთსა და საქართველოს შორის გაძლიერებული ურთიერთობების ფონზე იმართება. 2023 წლის ივლისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა, სადაც მათ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება თანამშრომლობის ოთხი მიმართულებით გაღრმავებას გულისხმობს: პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში.

მმართველი გუნდის მოსაზრებით, საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა  ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსს არ ცვლის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend